ის, რაც პაპუაშვილმა თქვა, არის ღალატი და ისინი კონსტიტუციიდან ვერ ამოიღებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ნებას და სურვილს წარმოადგენს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მიზანი ქვეყნის იზოლაციაა.

"ყველაფერს გააკეთებს პაპუაშვილი, კობახიძე და მთავარი დავალების გამცემი - ივანიშვილი იმისათვის, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი, იყოს იზოლაციაში, რომ მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ - ეს არის მათი სურვილიც და ოცნებაც.

ყველა მიზეზს და საბაბს გამოიყენებენ იმისთვის, რომ არ გაგრძელდეს საქართველოს ევროინტეგრაცია და მეორე მხრივ, მათ არ მოუწიოთ 78-ე მუხლის შესრულება. ის, რაც პაპუაშვილმა თქვა, არის ღალატი და ისინი კონსტიტუციიდან ვერ ამოიღებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ნებას და სურვილს წარმოადგენს", - განაცხადა თენგო თევზაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "თუ ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იგივე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წევრებს, ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არ არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია".