კახეთში ცოლ-ქმარს შორის დაწყებულ დაპირისპირებას მათი მეზობელი ქალი ემსხვერპლა, - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

მისივე ცნობით, შემთხვევა გუშინ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, რა დროსაც ქალმა დახმარება ითხოვა. დაპირისპირებაში ჩარევა მეზობელმა ქალმა სცადა, რის შემდეგაც ის ცუდად გახდა და ადგილზე გარდაიცვალა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოცემას განუცხადეს, გარდაცვლილ ქალს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება და ის, სავარაუდოდ, ნერვიულობის ნიადაგზე დაიღუპა.

უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

მამაკაცი პოლიციამ ცოლზე განხორციელებული ძალადობისათვის დააკავა.