ეს ყველაფერი არის გამიზნული იმისათვის, რომ ხელები ჩამოვყაროთ და ადამიანებს უიმედობა დაეუფლოთ, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ უიმედობის დრო არ არის.

"ეს ყველაფერი არის გამიზნული იმისათვის, რომ ხელები ჩამოვყაროთ და ადამიანებს უიმედობა დაეუფლოთ. ყველას მინდა ვუთხრა -  პირიქით, ამან უნდა მოგვცეს დამატებითი ძალა, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხენ, ვერანაირი საპატიმრო, ვერანაირი უმსგავსო გადაწყვეტილება, ვერანაირი სადამსჯელო ღონისძიება ჩვენ ვერ შეგვაცვლევინებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ უიმედობის დრო არ არის, პირიქით, გაერთიანების დროა, პირიქით, დარაზმვის დროა და პირიქით, დროა იმის, რომ ყველა აღივსოს იმედით, რომ ამ ქვეყანას აუცილებლად ექნება ბრწყინვალე მომავალი და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს აუცილებლად", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძემ ოპოზიციონერს თავისუფლების 8 თვით აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.