უკვე 32 დღეა, რაც ჩვენი 4 თანამებრძოლი უსამართლოდ იმყოფება პატიმრობაში,  92 დღეა, რაც უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა და სოციალური პროტესტი მიმდინარეობს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჭიათურელი მაღაროელები წერენ.

მაღაროელების თქმით, მოძრაობის იდეა იყო და რჩება ერთმნიშვნელოვნად სოციალური სამართლიანობის აღდგენა.

"უკვე 32 დღეა, რაც ჩვენი 4 თანამებრძოლი უსამართლოდ იმყოფება პატიმრობაში. გახსენებთ, რომ მათი სასამართლო პროცესი ჩანიშნულია 19 ივნისისთვის.

ამ პროცესის პარალელურად, ჩვენ მოვახერხეთ ქალაქის მასშტაბით 5000-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვება.
სწორედ 5,000 ჭიათურელი აწერს ხელს და მოითხოვს ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლებას პატიმრობიდან.

უკვე 92 დღეა, რაც უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა და სოციალური პროტესტი მიმდინარეობს.

ამ მოძრაობის იდეა იყო და რჩება ერთმნიშვნელოვნად სოციალური სამართლიანობის აღდგენა:
• რომ აღდგეს სრულფასოვანი სამუშაო პროცესი,
• რომ ყველა ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი და უნარი, მიეცეს დასაქმების შესაძლებლობა,
• რომ დასაქმება იყოს ღირსეული პირობებით, შესაბამისი ანაზღაურებით და სამართლიანი შრომითი კონტრაქტებით.

ჩვენი მეგობრების გათავისუფლება პატიმრობიდან არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში.

რაც შეეხება ე.წ. რეორგანიზაციას – მისი პირობებით ხელმოწერა არაფერს კარგს არ უქადის დასაქმებულს:
• პრაქტიკულად ის გადადის “სამსახურის მაძიებელთა” რიგებში,
• და ეცდება თავიდან დაიწყოს კონკურენცია სამუშაო ადგილებზე, რომელსაც თავადვე ქმნიდა.

მთავარი რჩება ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებები, რომელიც დასაქმებულს აძლევს გარანტიებს და კონკრეტულ ბენეფიტებს. ველოდებით კომპანიის მხრიდან განახლებულ შრომით კონტრაქტებს", - აცხადებენ მაღაროელები.