შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის, საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული, ყაზახეთის მოქალაქე ბ.ა., სომხეთის მოქალაქე 1980 წელს დაბადებული ჰ.ა. და გერმანიის მოქალაქე 1978 წელს დაბადებული ო.ქ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

"პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებულები ბათუმსა და ქობულეთში გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.

სამართალდამცველებმა მათი პირადი, ავტომობილების, ასევე დაკავებულების დროებითი საცხოვრებლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. მათ შორის: სარეალიზაციოდ დაფასოებული ათეულობით შეკვრა „მეთადონი“, "ჰეროინი", "ალფა პვპ"- ე, "ბუპრენორფინი" და "პრეგაბალინი".

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე,  260-ე კვარტა და 261-ე  მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.