შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შენახვის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით,  სხვადასხვა დროს  9 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აჭარაში, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის  ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 140 შეკვრა "მეთადონი“, „მეფედრონი“ და "ალფა-პვპ“.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე, 260-ე  და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.