თუ კი დღეს სასამართლო გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანს, ეს იქნება არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის, არამედ სასამართლო პრაქტიკის თავდაყირა დაყენება, - ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ წერტილი დაესმება სამართლებრივ აბსურდებს.

“დღეს მხარეები დასკვნითი სიტყვით წარვდგებით, ამის შემდეგ ლევანი მიმართავს სასამართლოს საბოლოო სიტყვით. რის შემდეგაც, ჩვენ განაჩენის გამოცხადებას ველოდებით. შექმნილი სიტუაციიდან და პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე ძნელია განაჩენის პროგნოზირება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სამართლებრივ აბსურდს წერტილი დაესმება, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია საჯაროდ ქრთამის შეთავაზებაზე, არგუმენტები ნათელია, არცერთი მტკიცებულება ბრალდებას არ წარმოუდგენია, რა მტკიცებულებებიც წარმოადგინეს, 80% თავად ჩახსნეს. მარტო გვაქვს ერთი მოწმის ჩვენება და ლევანის საჯარო გამოსვლები. თუ კი დღეს სასამართლო გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანს, ეს იქნება არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის, არამედ სასამართლო პრაქტიკის თავდაყირა დაყენება“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს. ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.