ადვოკატების ინფორმაციით, "მოქალაქეების" ლიდერს ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ.

ბრალის წარდგენა პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს, 13:00 საათზე მოხდება.

"ამჯერად პროკურატურა პოლიტიკოსს იმ სასამართლოს უპატივცემულობას ედავება, რომელმაც აბსურდული ბრალისთვის მაქსიმალური 13 წელი მიუსაჯა.

პროკურატურის მიერ დაცვის მხარისთვის მიწოდებული ინფორმაციით, საქმე ეხება სასამართლოში დაკითხული მოწმის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობას და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პატიმრობაში მყოფი ალეკო ელისაშვილისთვის, ახალი ბრალის წარდგენა იგეგმება 31 ივლისს, 13:00 საათზე, №6 პენიტენციურ დაწესებულებაში.

აღსანიშნავია, რომ ალეკო ელისაშვილმა პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე პოლიციელები ცრუ მოწმეობაში და მისი ბრალის დასამძიმებლად განზრახ ნათქვამ ტყუილში არაერთხელ ამხილა. ასევე, მას იმ მოწმე პოლიციელის (ოცმეთაურის) შეურაცხყოფას ედავებიან, რომელსაც ალეკო ელისაშვილი სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს, რასაც თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფაც.

სავარაუდოდ, ბრალდების მხარე სწორედ სასამართლოში მოწმე პოლიციელის ჩვენების სიცრუეში მხილებას თარგმნის სასამართლოს უპატივცემულობად და ელისაშვილის ბრალს კიდევ უფრო ამძიმებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიზანმიმართულ, უსამართლო და უკანონო დევნას", - აღნიშნულია ადვოკატების განცხადებაში.