დღევანდელ სასამართლო პროცესზეც იგივე ვითარება განმეორდა - არც ერთ მოწმეს გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებით არანაირი სახის ინფორმაცია არ მოუწოდებია და არ უსაუბრია მის შემხებლობაზე რომელიმე ეპიზოდთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებული დაიკითხა, რომლის საქმეც ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზეც იგივე ვითარება განმეორდა - არც ერთ მოწმეს გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებით არანაირი სახის ინფორმაცია არ მოუწოდებია და არ უსაუბრია მის შემხებლობაზე რომელიმე ეპიზოდთან დაკავშირებით. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებული იქნა დაკითხული, რომლის საქმეც ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, დასახელებულმა პირმა თავის ბრალთან მიმართებაში ისაუბრა, მის ალიბზე ვერ და არ ვისაუბრებ. არც ერთ პირს, ვინც ამ დრომდე დაკითხულია სასამართლოში, გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუწოდებია, იმგვარი, თითქოს, მას შემხებლობა ჰქონდეს რომელიმე ეპიზოდის დანაშაულთან, მათ შორის, ბაღების ეპიზოდთან. ამ მოწმეს ლილუაშვილი არ იცნობს, ისევე როგორც, მოწმე არ იცნობს გრიგოლ ლილუაშვილს, არც ერთს, ერთმანეთის შესახებ არც კი სმენიათ“, - განაცხადა ლანა ცერცვაძემ.

პროკურატურამ სუსის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.