ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ბათუმელების” დამფუძნებელს აღკვეთის ღონისძიების სახით მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

აღნიშნულმა სასამართლოს დარბაზში მყოფების გაღიზიანება გამოიწვია, რასაც ხმაური მოჰყვა.

დაცვის მხარემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნა დააყენა. გირაოს ოდენობად კი ამაღლობელის უფლებადამცველებმა ასი ათასი ლარი დაასახელეს, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში  გაათავისუფლეს. რამდენიმე წუთის შემდეგ კი პოლიციელზე ფიზიკური თავდასხმის გამო კვლავ სამმართველოსთან დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით წარედგინა, რაც სამართალდამცველზე თავდასხმას გულისხმობს.