სასამართლომ გააჟღერა ის, რაც ხელისუფლებამ შეუკვეთა, - ამის შესახებ პაატა მანჯგალაძისა და მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

"ეს იყო სრულად დაუსაბუთებელი და არაკანონიერი გადაწყვეტილება. სასამართლომ გააჟღერა ის, რაც ხელისუფლებამ შეუკვეთა. გადაწყვეტილებას არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს და არც სამართლებრივი წინაპირობები. სასამართლოს მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება აბსოლუტურად მცდარი იყო.

ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით, ის მინიმალური ცრუ სტანდარტიც კი, რასაც პროკურატურა წარმოადგენს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, ესეც კი არ არსებობდა. არავითარი შემხებლობა, ბრალის დამადასტურებელი ოდნავი პწკარიც კი არ იყო მის მიმართ. ამავე დროს, ყველა სხვასთან უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, - განაცხადა ბასილაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძეს და თორნიკე მჭედლიშვილს - 5-5 წლით, ირაკლი შაიშმელაშვილს კი დაუსწრებლად 2 წლით.