პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო, პოლიტიკოს გივი თარგამაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

ასევე, მას 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.

გივი თარგამაძე პროცესს არ დასწრებია. ის ამ დროისთვის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მიდის.

გივი თარგამაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 15 აპრილს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რომელიც მან დადგენილ ვადაში გადაიხადა.

24 ივნისს "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ თავისუფლების 7 თვით აღკვეთა მიესაჯა. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს "ძლიერი საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. ყველა მათგან აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

სავარაუდოდ, დღეს, გამოცხადდება განაჩენი "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას  საქმეზე.

ამავე საქმეზე პატიმრობაში ასევე იმყოფებიან - "კოალიცია ცვლილებისთვის" კიდევ ერთი ლიდერი ნიკა გვარამია და პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი.