26 ივნისს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის კიდევ ერთი ეტაპი გაიმართა. 

"ჩვენ ვაგრძელებთ გაცვლას, კიდევ ერთი ეტაპი. დღეს შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები ბრუნდებიან. მათი უმეტესობა 2022 წლიდან ტყვეობაში იმყოფებოდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა ვიპოვოთ, გადავამოწმოთ ინფორმაცია თითოეული სახელის შესახებ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის დმიტრო ლუბინეცის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურის ჯარისკაცები უკრაინაში ბრუნდებიან.

ასევე არიან მარიუპოლის დამცველები და ისინი, ვინც 2022 წელს ტყვედ ჩავარდა. ზოგიერთი დამცველი ძებნის სტატუსით იმყოფებოდა და აგრესორი ქვეყნის მიერ არ იყო დადასტურებული.

დაბრუნებულებს შორის არიან ოფიცრებიც. გათავისუფლებული ყველაზე უფროსი 62 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა კი - 24 წლის.

"ეს პროცესი სახელმწიფო ორგანოების მიერ გაწეული დაუღალავი მუშაობის შედეგია, რომლებიც სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის შემადგენლობაში შედიან. ის უკრაინის პრეზიდენტის დავალებით ხორციელდება“, - წერს ლუბინეცი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ გათავისუფლებულთა უმეტესობა 2022 წლიდან ტყვეობაში იმყოფებოდა.

"ზოგიერთი მათგანის ისტორია ნამდვილი სასწაულია. ისინი დაკარგულად ითვლებოდნენ, მაგრამ გაურკვევლობის მიუხედავად, სახელმწიფო განაგრძობდა ძებნას და დღეს ისინი ჩვენთან არიან“, - წერს ის.