"ცხადია, მათ წინასწარ იცოდნენ, რომ არანაირი შანსი არ ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნებში, ელემენტარულად, საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ, რა წარმატებაზეა საუბარი“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე საუბრისას.

მისი თქმით, ოპოზიცია, საპარლამენტო არჩევნების წინ, მიზანმიმართული მანიპულაციით, ცდილობდა თავისი ამომრჩეველი დაერწმუნებინა, თითქოს გამარჯვების რაიმე შანსი ჰქონდათ. 

"ყველამ ვიცით, ვის რა რეიტინგი აქვს, რა შესაძლებლობა აქვს  და რა შესაძლებლობა ჰქონდათ, თუნდაც საპარლამენტო არჩევნების პროცესში და ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ჩვეულებრივ, პირდაპირი აღიარებაა, რომ მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ვერ მოიგებდნენ. კვლევას ყველა ატარებს, მიდიოდა მიზანმიმართული მანიპულაციები ამასთან დაკავშირებით და იყო მცდელობები, რომ თავისი ამომრჩეველი დაერწმუნებინათ, თითქოს რაღაც რესურსი ჰქონდათ, მაგრამ ყველამ ხომ ყველაფერი ვიცით“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მან ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის საერთო პლატფორმით შესაძლო მონაწილეობაზე აღნიშნა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს „აგენტი და ქვეყნის მოღალატეები იქნებიან ერთად, თუ ცალ-ცალკე.“

"არ ვიცი, რა ახალ პლატფორმაზეა საუბარი. ჩვენ ბევრი ასეთი გაერთიანება გვინახავს. ბოლო იყო, თუ არ ვცდები, როდესაც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში იკრიბებოდნენ რაღაც გაერთიანების სახით, შემდეგ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა. რა მნიშვნელობა აქვს აგენტი და ქვეყნის მოღალატეები იქნებიან ერთად, თუ ცალ-ცალკე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ემსახურებიან სხვა ქვეყანას, სხვა ძალას და ცდილობენ გაატარონ თავიანთი პატრონების ინტერესები  და მითითებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.