მთელი ბრალდება არის ჰიპოთეზაზე, თეორიულ მსჯელობასა და შეფასებაზეა დაფუძნებული, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ პროკურორის შეფასებაზე, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულ ელისაშვილს საბოლოო სიტყვით სარგებლობის უფლება არ ექნება.

"ტერაქტის კვალიფიკაციისთვის აუცილებელი პირობა არის რეალური საფრთხისა და რეალური საშიშროების შექმნა სასამართლო ხელისუფლებისადმი.

კონკრეტულ შემთხვევაში, განვითარებულ მოვლენებს შეეძლო თუ არა იმ ერთ სართულიანი დაწვა, სადაც ბენზინი იყო მოსხმული, დაახლოებით, ათას კვადრატულიანი შენობაა და რვა მეტრის დაშორებული სასამართლოს ძირითადი შენობის დაწვა, რომელიც ოცი ათასი კვადრატული ფართობია, შესაბამისად, მთელი ბრალდება არის ჰიპოთეზაზე, თეორიულ მსჯელობასა და შეფასებაზეა დაფუძნებული, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ პროკურორის შეფასებაზე.

მოლოდინი გვქონდა ისეთი, რომ მას ექნებოდა საშუალება, საბოლოო სიტყვით მიემართა სასამართლოსთვის, თუმცა წინა სხდომაზე მოსამართლემ გამოგვიცხადა, რომ გაძევებულ პირს მხოლოდ განაჩენის მოსმენა შეუძლია, შესაბამისად, სასამართლო საბოლოო სიტყვით სარგებლობის უფლება არ ექნება", - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა. 

ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.