მზია ამაღლობელის საქმე გაიგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იმ ფუნდამენტურ უფლებებთან მიმართებით, რომელიც დაირღვა უკვე, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საჩივარში ექვსი მუხლია გაერთიანებული.

"მზია ამაღლობელის საქმე გაიგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იმ ფუნდამენტურ უფლებებთან მიმართებით, რომელიც დაირღვა უკვე და საბოლოოდ, ქვეყნის შიგნით ამოწურულია რაიმე შესაძლებლობა. ეს ეხება ექვს მუხლს, რომელიც ამ საჩივარში ერთიანდება, მათ შორისაა მე-5 მუხლი, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას უკავშირდება. როგორც იცით, მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებულია უმკაცრესი ღონისძიება ისე, რომ არ არსებობს ამის წინაპირობები.

იმედი გვაქვს, რომ მოსამართლე ახლა მაინც მიიღებს ამ საკითხთან დაკავშირებით სწორ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ არ შეიძლება, მზია ამაღლობელი რჩებოდეს პატიმრობაში. მისი პატიმრობის ყოველი დღე არის უკანონო და ეს უნდა დასრულდეს", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.