ერთ-ერთმა მანდილოსანმა პლაკატი - "გაიფიცე საქართველო" შსს-ს თანამშრომელს დააკრა. პოლიციელზე "გაიფიცეს" მიწერა ცოტა მძიმე შემთხვევაა, - ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა გრიგოლ ბესელიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, გაფრთხილების მიუხედავად, მზია ამაღლობელმა პოლიციის შენობას ე.წ. საპროტესტო "სტიკერი" მიაკრა, რისი არჩადენისკენაც თავისივე აქციის მონაწილეებიც მოუწოდებდნენ.

"სასამართლოსთან, რომ მივიდნენ აქციის მონაწილეები, პოლიციელებს დაუძახეს, რომ ვიღაც პირთან ჰქონდათ პრობლემა. პოლიციელები რომ მივიდნენ, ერთ-ერთმა მანდილოსანმა პლაკატი - "გაიფიცე საქართველო" შსს-ს თანამშრომელს დააკრა. პოლიციელზე "გაიფიცეს" მიწერა ცოტა მძიმე შემთხვევაა. 

პოლიციამ მოახდინა სამართლებრივი რეაგირება, ადგილზე დაკავებული იყო ეს ქალბატონი, რის შემდეგაც პოლიციელებმა პოლიციაში გადმოიყვანეს ეს ქალბატონი და მერე შეასახლეს დროებით მოთავსების იზოლატორში.

ეგ დღე უჩვეულო იყო ჩვენთვის, აქციის მონაწილეებმა განსაკუთრებული აგრესიით გადმოინაცვლეს პოლიციასთან. ამ პროცესშიც მომახსენეს, რომ პოლიციელების მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილი აქციის წევრები, შეურაცხმყოფელი შეძახილებით და სიტყვებით. პოლიციასთან როცა მოვიდნენ, გაგრძელდა ეს ამბავი. ვცდილობდი, რომ კომუნიკაციაში შევსულიყავი აქციის მონაწილეებთან და სიმშვიდე შემენარჩუნებინა.  

რამდენიმე ადმინისტრაციული დაკავება მოვახდინეთ, მათ შორის ქალბატონი მზიასიც. ამ დროს გავიგე, ვინ იყო ქალბატონი მზია, მანამდე არ ვიცნობდი.

რამდენიმე გაფრთხილება გვქონდა, რომ ეს "პლაკატები" არ გაეკრათ პოლიციის შენობაზე. მეც გადავწყვიტე, რომ გარეთ მდგომი პოლიციელები შემეყვანა შიგნით, რომ დაპირისპირება არ ყოფილიყო. ზუსტად ამ დროს, როცა ვდგავართ ღობის შიგნით, ქალბატონი მზია მივიდა და პოლიციის შენობას მიაკრა "სტიკერი". ამ დროს მეც იქ ვიდექი. მისი აქციის წევრებიც ეძახდნენ - არ ქნა, მაგრამ მაინც მიაკრა. 

ჩემმა თანამშრომლებმა ამიხსნეს, რომ ქალბატონი მზიაც ერთ-ერთი იყო, ვინც პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა", - განაცხადა გრიგოლ ბესელიამ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია იკითხებიან.