შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ალფა-პვპ“ და „მეთადონი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.