სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი დღევანდელი მართლმსაჯულება. ეს განაჩენები აქ, ამ შენობაში არ იწერება და ზუსტად ვიცით, სად და რატომ იწერება, რა მიზანს ემსახურება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორ კვირაში განაჩენი გადაეცემა დაცვის მხარეს და გაირკვევა, რატომ მიუსაჯეს ნიკა გვარამიას 8 თვე და არა 7.

"განსხვავებული მოლოდინი არ მქონია იმიტომ, რომ ანალოგიურ საქმეებზე წინა პრაქტიკებმა აჩვენა ყველგან გამამტყუნებელი განაჩენი, ჩემი აზრით, უკანონოდ და უსამართლოდ, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი დღევანდელი მართლმსაჯულება. ეს განაჩენები აქ, ამ შენობაში არ იწერება და ზუსტად ვიცით, სად და რატომ იწერება, რა მიზანს ემსახურება.

8 თვე მიუსაჯა ნიკა გვარამიას მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ. ჩემი რეპლიკა ემსახურებოდა ერთადერთ რამეს - ზუსტად ანალოგიურ საქმეზე მან 7 თვით განსაჯა სასჯელი და ეს ერთი თვე რით განასხვავა ნიკა გვარამია და რატომ გადაწყვიტა მისთვის 8 თვის გამოტანა? წესით, მას უნდა დაესაბუთებინა, მაგრამ განაცხადა, რომ ამ ყველაფერს განაჩენში დაწერდა.

გვექნება ორ კვირაში განაჩენი და გავიგებთ, რით დაასაბუთა, როგორც გამამტყუნებელი განაჩენი, ასევე კონკრეტული ზომა", - განაცხადა ქეთი ჩომახაშვილმა.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა გვარამიას სასამართლომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა და ორი წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.

ამავე ბრალდებით 27 ივნისს "კოალიცია ცვლილებებისთვის" კიდევ ერთ ლიდერს ნიკა მელიას თავისუფლების 8 თვით აღკვეთა მიესაჯა, ასევე 17 ივნისს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გივი თარგამაძეს. 24 ივნისს "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს სასამართლომ თავისუფლების 7 თვით აღკვეთა მიესაჯა. 23 ივნისს დააკავეს "ძლიერი საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. ყველა მათგანს აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.