ნიკა გვარამია არ მიიღებს ხვალინდელ სხდომაში მონაწილეობას. რაც შეეხება განაჩენს, ჩვენ ვნახეთ უამრავი გადაწყვეტილება სხვა პოლიტიკოსებთან დაკავშირებით, შესაბამისად, განსხვავებული მოლოდინი არ გვაქვს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, გამამტყუნებელი განაჩენი ამ საქმეზეც და სხვა პოლიტიკოსების მიმართ, კანონს ეწინააღმდეგება. 

"ნიკა გვარამია არ მიიღებს ხვალინდელ სხდომაში მონაწილეობას, რაც შეეხება განაჩენს, ჩვენ ვნახეთ უამრავი გადაწყვეტილება სხვა პოლიტიკოსებთან დაკავშირებით, შესაბამისად, განსხვავებული მოლოდინი არ გვაქვს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იგივე მოსამართლემ იდენტურ სიტუაციაში ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს მიუსაჯა 7 თვე, ამიტომ სხვა მოლოდინი შეუძლებელია გვქონდეს, თუმცა გამამტყუნებელი განაჩენი ამ საქმეზეც და სხვა პოლიტიკოსების მიმართ, კანონს ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება მედიას, მმართველმა პარტიამ იმიტომ შეზღუდა გადაღება სასამართლო პროცესების, რომ გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეები შეწუხდნენ საზოგადოების სამართლიანი კრიტიკით, კლანს შესჩივლეს და კლანმა ეს მმართველ პარტიას შესჩივლა, შესაბამისად, იმისათვის, რომ მმართველი პარტიისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები იყოს მიღებული და სასამართლოსა და მოსამართლეებს დისკომფორტი რომ არ შეექმნათ, ამიტომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა  ქეთი ჩომახაშვილმა.

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი პირველ ივლისს, 10:30 საათზე გამოცხადდება.