სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო და სახელმწიფოს შეკითხვები გამოუგზავნა, - ამის შესახებ საიას განცხადებაშია აღნიშნული.

მისივე ცნობით, ევროპულმა სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო და სასამართლოს მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაში მითითებულია, რომ სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს.

"სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო და სახელმწიფოს შეკითხვები გამოუგზავნა.  

ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის 1 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ” მიიღო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ე.წ. FARA, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ადამიანის უფლებების სფეროში და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით.

ევროპულმა სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო და სასამართლოს მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაში მითითებულია, რომ სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს. ეს ნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლო საქმეს განიხილავს პრიორიტეტულ რეჟიმში, რადგან იგი ეხება ფუნდამენტური მნიშვნელობის სამართლებრივ პრობლემას და ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გახდება პრეცედენტული არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპის საბჭოს წევრი ყველა ქვეყნისთვის.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ სასამართლომ მიუთითა, რომ, საჭიროა შეფასდეს, გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ უფლებების შეზღუდვა ფარულად სხვა, არაკონვენციური მიზნებისთვის ", - აღნიშნულია განცხადებაში.