სამართალდამცველთა უმოქმედობა არა მარტო პოლიციელების მხრიდან გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობაა, არამედ, აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები და ე.წ. “ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ, რათა ძალადობრივად ჩაახშონ ლეგიტიმური პროტესტი, - ამის შესახებ საიას განცხადებაშია აღნიშნული.

"მინდია გაბაძეს, ცისფერ გალერეასთან საპროტესტო აქციის გაშუქების დროს, თავს დაესხნენ ფიზიკური პირები, ე.წ. „ტიტუშკები“ და მასზე ფიზიკურად იძალადეს.

იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცველები შემთხვევასთან ძალიან ახლოს იდგნენ, მათ არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ ამ ფაქტზე.

სამართალდამცველთა უმოქმედობა არა მარტო პოლიციელების მხრიდან გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობაა, არამედ, აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები და ე.წ “ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ, რათა ძალადობრივად ჩაახშონ ლეგიტიმური პროტესტი.

აღნიშნულის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტიც, რომ მომიტინგეების დამაშინებელი ე.წ „ტიტუშკების რეიდი“ საქართველოში დაიწყო "რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციების დროს, როდესაც უცნობი პირები ხვდებოდნენ აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს და მათი ოჯახის წევრებს სახლებთან ან ქუჩაში, სადაც მათ სასტიკად უსწორდებოდნენ, რასაც ასევე არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება სამართალდამცავი უწყებებისგან. „ტიტუშკების რეიდებს“ ადგილი ჰქონდათ, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ პროტესტებზეც", - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს ცისფერი გალერეის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.