მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, - ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

"რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებულები.
 
აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა პარლამენტის შენობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიმართ პიროტექნიკის და სხვადასხვა საგნების სროლაში, რის შედეგადაც დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.
 
საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციის და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.
 
თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.