განაჩენი არის უკანონო, საქმეზე დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქმე გამყარებულია მხოლოდ პოლიციელების პატაკებით, - ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძმები მიქაძეების ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე განაჩენს ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებს.

"განაჩენი არის უკანონო იმიტომ, რომ არ არსებობდა და არ არსებობს საქმეში არავითარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა მიქაძეების ბრალს.

თუნდაც ის, რომ ადგილზე თათბირით ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ასეთი მნიშვნელოვანი სიტყვის მერე, რომელიც ბრალდებულმა წარმოთქვა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს საქმე არ გადაწყვეტილა სამართლებრივ ასპექტში. ამ საქმეზე წინ არის გასაჩივრება საქართველოს ორ ინსტანციაში და თუ ასეთი ფორმით დარჩა განაჩენი ამ ინსტანციებში, ყველა ვარიანტში, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ, რადგან საქმეზე დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქმე გამყარებულია მხოლოდ პოლიციელების პატაკებით, რომელიც ემყარება ანონიმურ წყაროებს", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.