Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას აპროტესტებენ და 22 დეკემბერს, 18:00 საათზე საპროტესტო მარშს აანონსებენ.

მარშის მონაწილეები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეიკრიბებიან და აქცია-მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

"ჩვენ ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას. გადაწყვეტილებას, რომელიც უმძიმეს შედეგებს მოუტანს საქართველოს განათლების სისტემას.

რა მოხდა?

6 დეკემბერს დარგის სპეციალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას.

ეს ნიშნავს:

უმაღლესი განათლების რეპუტაციის დაზიანებას და საერთაშორისო ნდობის დაკარგვას.

სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტებისა და დიპლომების აღიარების ეჭვქვეშ დაყენებას საზღვარგარეთ.

ერთობლივი საერთაშორისო პროგრამების შემცირებას და Erasmus-ის მსგავსი მობილობის გართულებას.
საქართველოში საერთაშორისო სტუდენტების მიღების შესაძლებლობების შეზღუდვას.

ჩვენ, Erasmus-ის პროგრამების მონაწილეებს, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ევროკავშირის ქვეყნებში განათლების მიღების და პროგრამებში მონაწილეობის უპირატესობები. თუმცა, 28 ნოემბერს არალეგიტიმურმა მთავრობამ ღიად თქვა უარი ევროპულ კურსზე. სწორედ ამ ანტიდასავლური ქმედებების შედეგად, სხვა სტუდენტებისთვის შეუძლებელი გახდება მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობის მიღება.

ჩვენ გვაქვს თანამედროვე განათლების მიღების უფლება და არ დავუშვებთ მისი მომავლის ეჭვქვეშ დაყენებას!" - აღნიშნულია განცხადებაში.