როდესაც ხელისუფლება გადასულია ტყუილებზე იმისათვის, რომ თავისი ადგილი გაამყაროს, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დამთავრებულია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნა ასახავს ყველა იმ დარღვევასა და გაყალბებას, რაც საზოგადოებამ ისედაც იცოდა

"ვართ ახალ ეტაპზე იმის მერე, რაც ეუთო ოდირმა დადო საბოლოო დასკვნა არჩევნების შესახებ. ჩვენ ყველა, აქ მყოფმა და საზოგადოებამ კარგად იცი, რა მოხდა არჩევნების დროს, როგორ გაყალბდა და ა.შ. ასე რომ, არავის არაფრის დამტკიცება აღარ სჭირდება, მაგრამ საბოლოო დასკვნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ. ელოდებოდნენ ამ საბოლოო დასკვნას, სამწუხაროდ, ბატონი კობახიძისთვის, არაფერს არ ცვლის ის ფაქტი, რომ 2 წუთში გამოვიდა და თქვა, რომ კარგია ეს დასკვნა და გვაძლევს ლეგიტიმაციას. ჯერ არ ვართ საბჭოთა სისტემაში, რომ მისი ნათქვამი, იმდენად ჩაკეტილ სივრცეში მოხვდეს, რომ ყველამ დაიჯეროს და ვერავინ ვერ გაიგოს სად არის სიმართლე. სიმართლე არის სულ სხვა, ეს დასკვნა არის ძალიან სერიოზული და ასახავს ყველა იმ გაყალბების მეთოდებს, რაც ჩვენ აღვნიშნეთ ყველამ მანამდე.

ეს არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენ გადავდივართ ყველანი ერთად ახალ ეტაპზე იმ ძირითადი მოთხოვნის, რასაც ჰქვია ახალი არჩევნების დანიშვნა. ამ პირობებში არ შეიძლება, რომ იყოს სხვა პოლიტიკური გამოსავალი, სხვა ნამდვილი გამოსავალი ამ კრიზისიდან, თუ არა არჩევნების დანიშვნა. ყველა ქვეყანაში, რომელსაც გამოუვლია ასეთი კრიზისი, ყველამ იცის, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი. არ არსებობს ისტორიაში თუ პოლიტიკურ პროცესებში სხვა ვარიანტი, რომ გამოხვიდე კრიზისიდან. როდესაც ნდობა არ არსებობს არჩევნების, როდესაც ნდობა არ არსებობს ხელისუფლების, როდესაც ხელისუფლება გადასულია ტყუილებზე იმისათვის, რომ თავისი ადგილი გაამყაროს, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დამთავრებულია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.