კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორი რამ - ადამიანებმა დაიწყონ შსს-დან წასვლა და ე.წ. საპარლამენტო შემადგენლობაში გაჩნდეს ბზარი, - ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაც თბილისის ქუჩებში ხდება, ადამიანურად მიუღებელია.

"ადამიანურად მორალი, ზნეობა, ემოცია თუ გაგაჩნია, თუ ხარ მამა, ძმა, დედა - უბრალოდ შეუძლებელია, რომ თბილისის ქუჩებში რაც ხდება, არ გაწუხებდეს, ამიტომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაც გვესმის  "ქართული ოცნების" შიგნით, არის სიმართლე. ეს იქნება მანიშნებელი იმისა, რომ ვიღაცას კიდევ აქვს ადამიანობა შემორჩენილი იქ. 

კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორი რამ - ადამიანებმა დაიწყონ შინაგან საქმეთა სამინისტროდან წასვლა, რომ ის ძალადობრივი სისტემა ჩამოეშალოთ, რომლითაც ძალადობენ, ემუქრებიან და მეორე - რომ მათ ე.წ. საპარლამენტო შემადგენლობაში გაჩნდეს ბზარი იმიტომ, რომ სულ რამდენიმე ადამიანის გამოცლის შემთხვევაში ის ბუტაფორიული პარლამენტიც აღარ ექნებათ, რომლითაც ახლა სახლობანას გვეთამაშებიან", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.