9 მაისს “ექსპო ჯორჯიაში” “ევროპის დღესთან” დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, წელს "ევროპის დღე" რობერტ შუმანის დეკლარაციის მიღებიდან 75-ე წელს აღნიშნავს.

"ჩაინიშნეთ 9 მაისი კალენდარში, შემოგვიერთდით "ექსპო ჯორჯიაში" და გაიგეთ მეტი ევროკავშირისა და ქართველი ხალხის პარტნიორობის შესახებ, რომელიც 30 წელს ითვლის. ევროპის დღე არის შესაძლებლობა, დავფიქრდეთ ყველაფერზე, რასაც ერთად მივაღწიეთ და მომავალზე, რომლის შენებასაც ხელიხელჩაკიდებული ვაგრძელებთ.

წელს, ევროპის დღეს, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, ევროკავშირი, მაშინდელი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის დეკლარაციის მიღებიდან 75-ე წელს აღნიშნავს. ამ დეკლარაციიდან იღებს სათავეს ის, რასაც ჩვენ დღეს ევროკავშირს ვუწოდებთ. საქართველოში აღნიშნული ღონისძიება ქართველი ხალხის მიმართ უცვლელი მხარდაჭერის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება მე-11 პავილიონში, 12:00 საათზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რობერტ შუმანი პარიზში გამოვიდა განცხადებით, სადაც მან წამოაყენა ევროპული ინტეგრაციის იდეა. ამიტომ 9 მაისი აღინიშნება, როგორც ევროპის კავშირის დაბადების დღე.