უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დიდი ღვაწლის გათვალისწინებით, ჩვენ ვალდებულნი ვართ დღენიადაგ ვზრუნავდეთ მის მიერ დანატოვარი დიდი სულიერი და ინტელექტუალური მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და მის შემდგომ განვითარებაზე, ჩვენი დედა ეკლესიის ინსტიტუციური ერთიანობისა და მთლიანობის განმტკიცებაზე, სასულიერო დასის განათლების სრულყოფასა და მათ სოციალურ მხარდაჭერაზე, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილშია აღნიშნული.

მეუფე გრიგოლის თქმით, ჩვენს ერში უდავოდ არსებობს გამთლიანება-გაერთიანების ძალა, ოღონდ საჭიროა ამ ძალის მოკრება.

როგორც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი აღნიშნავს, ღვთის მადლით ეკლესია და ქართული სახელმწიფო, კონსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში, შეძლებენ უზრუნველყონ საზოგადოების სულიერი განვითარება და ქვეყნის შეუქცევადი წინსვლა.

"ქრისტესმიერ საყვარელნო ძვირფასო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, ჩვენო სულიერნო შვილნო,
ქრისტე აღდგა!

ამ სადღესასწაულო მოწოდებით ჩვენ ვხვდებით დღესასწაულს, რომელიც სამყაროს ახალი ათვლის საწყისად, მსოფლიო ცივილიზაციას კი გამწევ ძალად მოევლინა. ქრისტე აღდგა!

იესო ქრისტეს მოძღვრება თავისუფალია ყოველგვარი კონიუნქტურული მიკერძოებისგან და დროის მიხედვით არ ცვალებადობს. ცვალებადია ადამიანის ამქვეყნიური ზრახვები და ინტერესები. ასე იყო იესოს დღეებში, და ასეა დღესაც! ადამიანური ყოფის ეს სპეციფიკა გვავალებს მუდმივ სიფხიზლეში ყოფნას, მარად მღვიძარებას, რადგან ამსოფლიური მიზნებისთვის იესო ქრისტეს სახელისა და მისი ეკლესიის ინსტრუმენტად ქცევის ნებისმიერი გამოვლინება (ცნობიერად თუ არაცნობიერად!) არის ქრისტეს მრწამსთან შეუთავსებელი ქმედება!

ადამიანს ღვთისგან ყველაფერი აქვს მოცემული იმისთვის, რომ მან - საღვთო შემოქმედების გვირგვინმა - სათანადო პასუხისმგებლობით ატაროს ადამიანური ღირსების გვირგვინი, რაც გზადაგზა გამოვლინდება და აისახება სოციალურ ურთიერთობაში, პროფესიულ საქმიანობაში, ღმერთთან და მოყვასთან მიმართებაში. რწმენა კონკრეტულ საქმეში, ანუ ქმედებებში ჰპოვებს ასახვას!

საქართველოს სამოციქულო ეკლესიას - მის წევრებს და საზოგადოდ, ერს, უკანასკნელი 49 წლის მანძილზე, პირველად გვიწევს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გარეშე.

ჩვენი ეკლესიის წევრთა უმრავლესობა ისე დაიბადა და გაიზარდა, რომ არ ახსოვს დრო, როცა ერის სულიერ ცხოვრებას სხვა მამამთავარი უძღვებოდა. მძიმეა ამის გათავისება, მაგრამ მხოლოდ წუხილი არას გვარგებს, არამედ მზერა უნდა მივაპყროთ მომავალს, თუმცა მომავალი არ არსებობს წარსულის გარეშე და დაუვიწყარია მისი ღვაწლი, ყოველივე ის, რაც ილია მეორემ შესძინა ერს და ეკლესიას.

უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე, აგრესიული ათეიზმის ეპოქიდან დღემდე, ეკლესიის წიაღში ყოველივე აღშენებული და გამშვენებული პირდაპირ არის დაკავშირებული პერსონალურად ილია მეორის სახელთან, რამეთუ საეკლესიო აღმშენებლობის მთელ ამ პროცესს საფუძვლად ექმნა მისი დიდი სულიერი ღვაწლი, ნიჭი სიყვარულისა ღვთისა და მოყვასისადმი, მლოცველი და უაღრესად შემოქმედებითი ბუნება, განვითარებასა და ღიაობაზე ორიენტირებული მისი ხედვები და დაუღალავი შრომა.

უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ამ დიდი ღვაწლის გათვალისწინებით, ჩვენ ვალდებულნი ვართ დღენიადაგ ვზრუნავდეთ მის მიერ დანატოვარი დიდი სულიერი და ინტელექტუალური მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და მის შემდგომ განვითარებაზე, ჩვენი დედა ეკლესიის ინსტიტუციური ერთიანობისა და მთლიანობის განმტკიცებაზე, სასულიერო დასის განათლების სრულყოფასა და მათ სოციალურ მხარდაჭერაზე.

აქვე მინდა, მოკლედ შევეხო ჩვენი საზოგადოების მთავარ გამოწვევას, რომელიც ლამის დაუძლეველ პრობლემად ექცა ჩვენს ქვეყანას. ჩვენი საზოგადოებაში ერთგვარი ნაპრალი გაჩნდა, რომლის ამოვსებასაც ჯერჯერობით ვერასგზით ვერ ვახერხებთ, არადა ამის დაძლევა ჩვენს წინაშე მდგარი პირველადი ამოცანაა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდგომ დღეებში ქართველი ერის მიერ გამოხატულმა რეაქციამ დაგვანახა, რომ ილია მეორის პირადი ავტორიტეტი განუზომლად დიდი იყო, და წლებისა და ათწლეულების კვალდაკვალ ბუნებრივად გარდაისახა ეკლესიის ინსტიტუციურ ავტორიტეტში, რაც იმასაც გვიჩვენებს, თუ როგორი ტვირთი აწვა მის მხცოვან მხრებს.

დღეს კი, ჩვენი ამოცანაა მთელი საზოგადოების კვლავ ერთ მუშტად შეკვრა, რაც უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე აყენებს ქრისტეს ეკლესიას საქართველოში, სრულიად ერსა და ბერს. ჩვენს ერში უდავოდ არსებობს გამთლიანება-გაერთიანების ძალა, ოღონდ საჭიროა ამ ძალის მოკრება. ამდენად, დიდი ინტერესი და მოლოდინია მთელ ქართულ საზოგადოებაში და თვით მართლმადიდებლურ სამყაროში მომავალი საპატრიარქო არჩევნების მიმართ.

მსურს დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ, წმინდა სინოდის წევრები, ვაცნობიერებთ ამ უდიდეს პასუხისმგებლობას. ღვთის მადლით ეკლესია და ქართული სახელმწიფო, კონსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში, შეძლებენ უზრუნველყონ საზოგადოების სულიერი განვითარება და ქვეყნის შეუქცევადი წინსვლა.

ასე რომ, გვმართებს ჩვენი ოდინდელი ქრისტიანული სიქველის გამოვლენა, ერთმანეთის შენდობა და პატიება, ამქვეყნიური ფუჭი ზრახვებისა და ინტერესების გვერდით გადადება და ჩვენი დიდი სამომავლო მიზნის - ძლიერი ქართული სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის შექმნის გზაზე მტკიცე ნაბიჯების გადადგმა.

გჯეროდეთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ საქმეში კვლავაც ჩვენი ქვეყნის მტკიცე ფარი იქნება.

დღეს მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროს ავსებს ბრწყინვალე აღდგომის სიხარული და მსურს, რომ თითოეული თქვენგანის გული და არა მხოლოდ გული, არამედ მთელი ცხოვრება აღავსოს ბრწყინვალე აღდგომის მადლმა.

იესო ქრისტეს დიდებული და ბრწყინვალე აღდგომის რწმენითი შემეცნება ჩვენ გვხდის ამ წარმოუდგენელი სიხარულის თანაზიარად და იქცევა ჩვენი ცხოვრების ახალ დასაწყისად.

ქრისტე აღდგა!" - აღნიშნულია ვკითხულობთ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის სააღდგომო მიმართვაში.