ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, პატრიარქობის ერთ-ერთი კანდიდატი მეუფე გრიგოლი მიიჩნევს, რომ მეუფე ისაიას მიმართვის არგათვალისწინება და პატრიარქობის კანდიდატობის დიპლომზე დაყვანა, წარმოუდგენელი და უხერხულია. 

მისივე თქმით, საკითხი ფორმალური კრიტერიუმებით არ უნდა გადაწყდეს და თითოეული კანდიდატის მიმართ ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო, ხოლო საბოლოო არჩევანი მღვდელმთავრების გადაწყვეტილებასა და ეკლესიის კურთხევაზე იქნება დამოკიდებული.

"არ მინდა ახლა ასეთი შედარება მოვიტანო, ამ საკითხის უბრალოდ დიპლომზე დაყვანა, მშრალად, წარმოუდგენელია. თუ მშრალად გავყვებოდით ამას, ცოტა უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, იმიტომ, რომ მარტო ისაია არა, აღმოჩნდნენ არა ერთი და ორი და მათ შორის ჩვენ მღვდელმთავრები ვართ ყველა - დიპლომიანებიც და უდიპლომოც. და მაინც თუ ჩვენ ამ ფორმალობასაც ყურადღებას მივაქცევდით, მეუფე ისაია არის კერძო შემთხვევა, ამას განხილვა სჭირდებოდა როგორც კერძო შემთხვევას.

ადამიანები თავისუფალი არიან თავის არჩევანში. თავის გულში ვის რა უნდა, ეს ერთია, მაგრამ არჩევანს აკეთებენ მღვდელმთავრები და ბუნებრივია, რომ როგორც ისინი გადაწყვეტენ, ისეც იქნება და მერე ეს უნდა დაამტკიცოს სული წმინდამ კურთხევის ჟამს. ეს იქნება კულმინაციური მომენტი ამ მნიშვნელოვანი, ისტორიული დღის.

ისე, გეტყვით, რომ საპატრიარქო არჩევნები განსაკუთრებით საქართველოსთვის, ეს არის ზოგადეროვნული მნიშვნელობის მოვლენა გამომდინარე იქიდან თუ რა როლი აქვს ჩვენი ერის ისტორიაში - მამული, ენა სარწმუნოება. მისმა უწმინდესობამ თავისებურად გამოთქვა ეს ტრიადა და ღმერთი, სამშობლო, ადამიანი... არცერთი პოლიტიკური, სამოქალაქო თუ სხვადასხვა ინსტიტუციები არ არის იმ ასაკისა, რა ასაკისაც ეკლესიაა", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა "ტვ პირველთან".