თბილისში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი აისუნ გულიევა, მარნეულიდან იყო და თბილისში სასწავლებლად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ქალი ბინაში მისმა მეგობარმა აღმოაჩინა.

ოჯახის წევრები "ტვ პირველთან" აცხადებენ, რომ გუშინ საღამომდე თბილისში გოგონასთან იმყოფებოდნენ, საღამოს კი, როდესაც მარნეულში წავიდნენ, მათ დაუკავშირდა აისუნ გულიევას მეგობარი და უთხრა, რომ ბინაში შესვლას ვერ ახერხებდა, რადგან კარს არავინ უღებდა. ოჯახის წევრების თქმით, უკან, თბილისში დაბრუნდნენ და ბინაში შესვლა პოლიციის დახმარებით შეძლეს, სადაც უკვე გარდაცვლილი გულიევა ნახეს.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არ იციან, რა მოხდა აისუნ გულიევას გარდაცვალების მიზეზი.

"ღამე იქ ვიყავით, რომ წამოვედით, პოლიციამ დაგვირეკა, მეორე გოგო, ვინც მასთან ერთად ცხოვრობდა, სახლში ავიდა, კარი ვერ გააღო, კორპუსის დაცვა აიყვანა და ბოლოს პოლიციას გამოუძახეს. აბაზანიდან მუსიკის ხმა ისმოდა. რომ შემოვიდა პოლიცია, გოგო მკვდარი იყო. არ ვიცით რა მოხდა. ახლა ერთადერთი გზაა, ექსპერტიზას დაველოდოთ", - ამბობს ოჯახის წევრი. 

"გუშინ საღამოს პოლიციას უპოვია სახლში. კარი ჩაკეტილი იყო, პოლიციამ შეამტვრია და ცხედარი იპოვეს. ამბობენ, თავი მოიკლაო, მაგრამ არ გვჯერა და ექსპერტიზის პასუხს ველოდებით, - ამბობს კიდევ ერთი ნათესავი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს გარდაცვლილის მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები, მიმდინარეობს გარემოებების დადგენა.