მიხეილ სარჯველაძემ დააანონსა, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ ბავშვების გარდაცვალებას, ბავშვების ეტლში ჩაჯდომას და დააანონსა, რომ შევეგუოთ იმას, რომ არ იქნება მკურნალობა და ჩვენ დავრჩებით სახელმწიფოს დახმარების გარეშე, - ამის შესახებ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა განაცხადეს.

მათივე თქმით, მსოფლიოში ჩატარებულია კვლევები და არსებობს უამრავი ქვეყანა, სადაც აღნიშნულ დაავადებას კონკრეტული მედიკამენტებით მკურნალობენ და არანაირ გართულებას არ იწვევს.

"მიხეილ სარჯველაძე გამოვიდა დღეს და ამტკიცებს, რომ არცერთი მედიკამენტი არ არის აღიარებული, არადა არაერთი მედიკამენტია აღარებული, რომელიც აღიარა, როგორც FDI-მ, ისე EMA-მ. 

მიხეილ სარჯველაძე ანგარიშობს ჩვენი შვილების სიცოცხლით, წლებით, დღეებით. მინდა მოვახსენო საზოგადოებას, რომ არის არაერთი მედიკამენტი და ჩვენ გვაქვს ცოცხალი მაგალითები ჩვენი მოქალაქეების სახით.

დავაზუსტებ იმას, რაც მიხეილ სარჯველაძემ არ დააზუსტა განზრახ და კიდევ ერთხელ დაადასტურა მან თავისი არაპროფესიონალიზმი და ის, რომ ის არ უნდა იყოს ამ თანამდებობაზე. 

დავიწყებ იმით, რომ მედიკამენტი, რომელიც აღიარა ამერიკამ, დადასტურებული, აღიარებული და ეფექტურია. ჩვენმა ერთ-ერთმა მოქალაქემ მიიღო ეს მედიკამენტი და არანაირი უკუჩვენება მას არ ჰქონია. გასულ წელს მშობლებმა მივიღეთ ინფორმაცია, რომ რვაასი შემთხვევიდან ორში იყო თირკმლის პათოლოგიები, ეს პრობლემა აღმოიფხვრა და სამი თვის შემდეგ - 2025 წლის ივნისიდან ოქტომბერში შეჩერების შემდეგ აღდგა მოხმარება და დღეს მოიხმარს FDI, ამერიკა აწვდის თავის მოქალაქეებს. მიხეილ სარჯველაძემ დაიწყო მხოლოდ ფასით და არ დაასახელა მედიკამენტი "ელევიდისი", რომლის კომპანიასთან მოლაპარაკებაც შეიძლება არა სამ მილიონში, არამედ მესამედ ფასად და დროში გადანაწილებით, შესაბამისად, ის, რომ FDI-მ წლების შემდეგ აღიარა ეს მედიკამენტი და დღეს ჩაშვებულია, იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა გამოიწვიოს ფატალური შედეგები, ეს არის დაუსაბუთებელი და მტკიცებულებას მოკლებული.

EMA-მ აღიარა არაერთი მედიკამენტი, ეს არის "ვამოროლონი" და "ჯივინოსტატი", რომელსაც ასევე იღებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და გვყავს ცოცხალი მაგალითები - ბავშვები. ესენი არის არასტეროიდები და არ გააჩნია უკუჩვენებები, ამის მტკიცებულებები გვაქვს. ასევე ჩვენს ქვეყანაში დარეგისტრირებულია "ეგზოცქიფინგი", რომელიც დამტკიცებულია დაახლოებით რვა თვის წინ და ბუნებრივია, დამტკიცების შემდეგ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ის არგუმენტები, რომ თითქოს უკუჩვენებებზე ამახვილებს ყურადღებას მიხეილ სარჯველაძე. 
 
მიხეილ სარჯველაძე თავის გამოსვლაში აცხადებს, რომ 2-3 წლით შესაძლოა, გადავადდეს ეტლში მიჯაჭვულობა - ეს არის აბსურდი. დღეს ყველას შეუძლია ნახოს, რომ აორმაგებს სიცოცხლის ხანგრძლივობას ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც ჩამოვთვალე. ნახავთ, რომ 20 წლის ნაცვლად, ადამიანები ცოცხლობენ იმ ცივილურ და განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მედიკამენტებს აწვდიან თავის მოქალაქეებს და ქუჩაში არ გამოდიან მშობლები პაციენტებთან ერთად და მათ არ ებრძვით სახელმწიფო. ჩვენ, ერთი მხრივ, ვებრძვით დაავადებას და უფრო მეტ ბრძოლას გვიცხადებს სახელმწიფო და ჯანდაცვის სამინისტრო ამ ბრძოლაში დაპირისპირებულია ჩვენთან. მიხეილ სარჯველაძე ჩვენი ბავშვების დღეებით და წლებით ანგარიშობს. ჩვენ გვაქვს უამრავი არგუმენტი. დღეს ჩვენ ვიცით, რომ არის მედიკამენტები, რომლებიც ბლოკავს ამ დაავადებას. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სრულად ხდება განკურნება, ეს არცერთ შეხვედრაზე და არსად არ გვითქვამს, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დღეს გვაქვს მედიკამენტები, რომლებიც დაბლოკავს ამ დაავადებას და შესაძლოა, რამდენიმე წელში სრულად განიკურნოს ეს დაავადება, რადგანაც უამრავ ქვეყანაშია კლინიკური კვლევები და ჩვენ დღეს უნდა მივაწოდოთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღიარებულია არაერთ ქვეყანაში, უნდა გადავარჩინოთ ჩვენი შვილები.

მიხეილ სარჯველაძემ დააანონსა, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ ბავშვების გარდაცვალებას, ბავშვების ეტლში ჩაჯდომას და დააანონსა, რომ შევეგუოთ იმას, რომ არ იქნება მკურნალობა და ჩვენ დავრჩებით სახელმწიფოს დახმარების გარეშე", - განაცხადეს მშობლებმა.