ირაკლი კობახიძის განცხადებები არ იყო შეფასებითი, ეს იყო მცდარი ფაქტების გავრცელება და სასამართლომ უნდა დაადგინოს, ეს მისი მხრიდან მიზანმიმართულად იყო გაკეთებული თუ დაუდევრად, - ამის შესახებ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომ როდესაც ამ განცხადებებს აკეთებდა, ჰქონდა თუ არა გადამოწმებული და თუ არა - რა ძალისხმევა გაიღო ამისთვის.

"სიმართლე გითხრათ, ამ მოცემულობაში ყოფნა, ბედის ირონია მგონია. უნდა იმსჯელოთ საქმის დასაშვებობაზე, რომელიც სამოქალაქო დავაა. ბედის ირონია მგონია იმიტომ, რომ ამაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. დაცვის ავტორი ვარ, ადამიანი, რომელიც მიუკერძოებელ მედიას წარმოადგენდა და რომლისთვისაც ღირებული და ფასეული რამ არის გამოხატვის თავისუფლება.

ირაკლი კობახიძე კი არის მოპასუხე, პრემიერ-მინისტრის სტატუსით, რომელმაც ძალაუფლების პირობებში გამოხატვის თავისუფლება რეპრესიებს დაუქვემდებარა.

საქმეში მოცემულია საჯარო განცხადებები. ეს განცხადებები კი შეფასებითი არ იყო, განზრახ იყო გაკეთებული. მან განაცხადა - "ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც ეს ადამიანი პოლიციელებს სტიკერებს აკრავდა“. ასეთი ფაქტი კი ბუნებაში არ ყოფილა. მინდა მოვისმინო მსჯელობა სასამართლოში, ან კითხვა მაინც დაისვას სასამართლოსგან, კობახიძე რომ ამ განცხადებებს აკეთებდა, იყო ეს გააზრებული თუ დაუდევრობა? თუ საქმე არ შეწყდება, სასამართლოს ექნება კითხვა - რამდენად პასუხისმგებლიანი იყო მისი განცხადებები. მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომ როდესაც ამ განცხადებებს აკეთებდა, ჰქონდა თუ არა გადამოწმებული და თუ არა - რა ძალისხმევა გაიღო ამისთვის. 

მისი განცხადებები არ იყო შეფასებითი, ეს იყო მცდარი ფაქტების გავრცელება და სასამართლომ უნდა დაადგინოს, ეს მისი მხრიდან მიზანმიმართულად იყო გაკეთებული თუ დაუდევრად“, - განაცხადა მზია ამაღლობელმა.

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ცილისწამებისთვის უჩივლა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი აღნიშნულ საქმეზე სამოქალაქო დავის განხილვა შეწყვიტა.