უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით ქუქჩიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს მის დასახვედრად და პატივის მისაგებად მოქალაქეები შეიკრიბნენ.

ქართველი გმირს პატივი მიაგო უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მეომრის, ვანო ნადირაძის დედამაც.

"პირველ რიგში, დედა გამახსენდება ხოლმე, დედას რა ეშველება? ყველასთვის რთულია, მაგრამ თმაც კი ეწვის დედას ასეთი განსაცდელის დროს. სამი ერთად, სამი ქართველი, ეს რამხელა დანაკლისია, აბა, გაიაზროს თითოეულმა ქართველმა. ბევრჯერ ჩემს შვილს უთქვამს, მოუწერია, დედა, მე აქ რატომ უნდა ვწვრთნიდე, რატომ საქართველოში არაო, რატომ აიძულებდნენ, რომ წასულიყვნენ ეს ბიჭები აქედან? რამდენჯერ "პერესტრელკაში" მოაქციეს დადიანის ქუჩაზე ჩემი შვილი მეუღლესთან ერთად. რატომ დასდევდნენ? ვის უნდა დარჩეს ჩვენი მიწა-წყალი? სისხლითაა ჩვენი მიწები გაპოხილი", - აცხადებს "ტვ პირველთან" ვანო ნადირაძის დედა.