ერთი წელი გავიდა პრეზიდენტის სასახლიდან წამოსვლიდან. ამ ერთი წლის გამოცდილებამ ჩემთვის ნათელი გახადა: ჭეშმარიტი ლეგიტიმურობა არ არსებობს იმ შემთხვევაში, როცა გადაწყვეტილებები მხოლოდ პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად მიიღება, - ამის შესახებ პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი შშმ პირების საკითხებში სიმონ პეტრიდისი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ლეგიტიმურობა მხოლოდ სტატუსით ან სიტყვებით არ იზომება. ის იზომება იმით, თუ რამდენად ემსახურება ინსტიტუტი საზოგადოებას.

“ერთი წელი გავიდა პრეზიდენტის სასახლიდან წამოსვლიდან. დავტოვე მრჩევლის პოზიცია და ბედნიერი ვარ, აღარავისზე დამოკიდებული, თავისუფლად შემიძლია განვახორციელო ჩემი პროფესიული საქმიანობა, მართალია უცხოეთში. „თავისუფლება გულიდან მოდის და არა სამთავრობო ოფისიდან“, ეს არ არის ფორმალობა, არამედ არჩევანია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ მოქმედებებს, ეთიკურ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას.

რადგან საზოგადოებაში ახალი პრეზიდენტის ლეგიტიმურობის საკითხზე დისკუსია არ ცხრება ამაზე ჩემს მოსაზრებას გაგიზიარებთ: ლეგიტიმურობა ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ტიტულები, არამედ რეალური შედეგია, საქმეების წონა, ადამიანებზე გავლენა. „ხელმძღვანელის სიმართლე არა სიტყვებში, არამედ საქმეშია დაფარული“.

ფაქტია: ბოლო წელიწადში პრეზიდენტს არ ჰქონია შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანზეა საუბარი. მისი აქტივობა შემოიფარგლება პარტიული ინტერესებითა და მკვახე განცხადებებით, რომლებიც მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკოსის გულის მოსაგებად არის გაკეთებული. „სრული ძალაუფლება ადამიანს მხედველობას მხოლოდ პირად ინტერესებამდე უვიწროებს.“

ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ლეგიტიმურობა მხოლოდ სტატუსით ან სიტყვებით არ იზომება. ის იზომება იმით, თუ რამდენად ემსახურება ინსტიტუტი საზოგადოებას, ზრუნავს სხვებზე, აკეთებს რეალურ საქმეს. „სამართლიანობა ფასდება იმით, თუ რამდენად ზრუნავს საზოგადოება ყველა დაუცველზე.“

ამ ერთი წლის გამოცდილებამ ჩემთვის ნათელი გახადა: ჭეშმარიტი ლეგიტიმურობა არ არსებობს იმ შემთხვევაში, როცა გადაწყვეტილებები მხოლოდ პირადი ინტერესების, პარტიული მიზნებისა და პრესტიჟის დასაკმაყოფილებლად მიიღება. თავისუფლება, ფუნქციურობა და რეალური შედეგი ეს არის ის, რაც ნამდვილად ფასობს „ხელმძღვანელის სიმართლე ჩანს არა სიტყვებში, არამედ მოქმედებაში.“

ჩვენი პასუხისმგებლობა კი მარტივია: შევაფასოთ არა იმედები და დეკლარაციები, არამედ შედეგი, რეალური ზრუნვა ადამიანებზე, ჭეშმარიტი ლეგიტიმურობა საქმეში. რადგან მხოლოდ ეს განსაზღვრავს, რა არის მართალი, ეთიკური და მართლა ეფექტური ლიდერობა“, - წერს სიმონ პეტრიდისი.