როგორც ვიცი, ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო და შესაძლო ძალადობის მიზეზი და გარემოება სათანადოდ უნდა გამოირიცხოს, -  ამის შესახებ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” წარმომადგენელი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს გავიგეთ, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. ძალიან მძიმე ამბავია და ძალიან ვწუხვარ. დაურს ვიცნობდი და ახალი ცხოვრების დაწყების დიდი სურვილი და ენერგია ჰქონდა. 

არსებითია, რომ გამოძიებამ დროულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მომხდარის შესახებ და ნიუანსურად შეისწავლოს გარდაცვალების მიზეზი. როგორც ვიცი, ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო და შესაძლო ძალადობის მიზეზი და გარემოება სათანადოდ უნდა გამოირიცხოს. ვიზიარებ მისი ოჯახის წევრების და მეგობრების მწუხარებას“, - წერს თამთა მიქელაძე.

თბილისში აფხაზი ბლოგერის ცხედარი იპოვეს. 30 წლის დაურ ბუავას ცხედარი დიღომში, ნაქირავებ ბინაში პოლიციამ ნახა. შსს-ს ცნობით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. 

ადგილობრივების თქმით, კამერების ჩანაწერების მიხედვით, ბუავა 23 აგვისტოს შემდეგ სახლიდან არ გასულა.
გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

ბლოგერი თბილისში საცხოვრებლად 2021 წელს ტყვარჩელიდან გამოვიდა. დაურ ბუავა საზოგადოებისთვის ცნობილი ქართულ-აფხაზური დიალოგისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მხარდამჭერი ვიდეოებით გახდა. 2022 წელს მის წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში "ღალატის მუხლით" საქმე აღძრეს.