უკრაინა მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მისმა რაკეტებმა და დრონებმა რუსეთის გარკვეულ ტერიტორიაზე უფრო ღრმად შეაღწიონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიიღო მოხსენება სექტემბერ-ოქტომბერში განხორციელებული ღრმა დარტყმების (Deep Strikes) შედეგების შესახებ და სამხედროებს სიზუსტისა და "უკრაინული შორს მოქმედი სანქციების რეგულარული, ხარისხიანი რეალიზაციისთვის“ მადლობა გადაუხადა.

"ჩვენს ქალაქებსა და თემებზე განხორციელებულ თითოეულ რუსულ დარტყმაზე ყოველთვის გვაქვს სრულიად სამართლიანი პასუხი. ამჟამად, ჩვენი ღრმა დარტყმები იამალიდან დასავლეთ ციმბირამდე რუსეთის სამიზნეებამდე აღწევს და ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენმა დრონებმა და რაკეტებმა კიდევ უფრო შორს მდებარე რუსულ ტერიტორიებსაც მიაღწიონ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, განისაზღვრა საკვანძო მიმართულებები "შორს მოქმედი სანქციების“ შემდგომი გამოყენებისთვის.

"გაფართოვდება ჩვენი ღრმა დარტყმების ქვედანაყოფების მასშტაბებიც - როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, კერძოდ კი სპეციალური ოპერაციების ცენტრ "ალფას" შესაძლებლობების ბაზაზე, ისე ჩვენი დაზვერვისა და თავდაცვის ძალების სხვა შემადგენელი ნაწილების საფუძველზე", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით,  უკრაინის შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები ომის დროს ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთ-ერთი რეალური გარანტიაა, მშვიდობის დამყარების შემდეგ კი უსაფრთხოების ერთ-ერთი გრძელვადიანი გარანტი იქნება.