მოვუწოდებთ შინაგან სამინისტროს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოს ინფორმაცია რა კვლევები უტარდება თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, - ამის შესახებ საიას განცხადებაშია აღნიშნული.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასევე, სახალხო დამცველს მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ საკითხს.

"თემურ ქათამაძე უკვე 20 დღეა, შიმშილობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კვლავ არ მოუწოდებია შესაბამის უწყებას. ადვოკატის შეფასებით, იგი დასუსტებულია წინა დღეებთან შედარებით და აღენიშნება წონის მნიშვნელოვანი კლება. ადვოკატთან საუბრისას მან განმარტა, რომ მიმდინარე კვირაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ პროცესზე დასწრებასაც ვერ შეძლებს სისუსტის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ საიამ არაერთხელ მოითხოვა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევების შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი უწყებები ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან. ამასთან, სახალხო დამცველსაც არ მიუღია რაიმე ინფორმაცია თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

მოვუწოდებთ შინაგან სამინისტროს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოს ინფორმაცია რა კვლევები უტარდება თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, იმოქმედონ შესაბამისი სამედიცინო გაიდლაინებით და შიმშილობის ამ ვადისთვის საჭირო ყველა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევა ჩაუტარონ დაკავებულ პირს.

ამასთან, მივმართავთ სახალხო დამცველს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ საკითხს, რათა უზრუნველყოფილი იყოს თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი", - აღნიშნულია განცხადებაში.