ეს არის ძალიან სწრაფი სვლით დიქტატურის დამყარების მცდელობა. ბოლომდე დაადგა კრემლის, იანუკოვიჩის და ლუკაშენკოს გზას. მისთვის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს დამოუკიდებელი მედიის მოგუდვა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს განსასჯელის სკამზე.

"ეს არის ძალიან სწრაფი სვლით დიქტატურის დამყარების მცდელობა. ბოლომდე დაადგა კრემლის, იანუკოვიჩის და ლუკაშენკოს გზას. მისთვის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს დამოუკიდებელი მედიის მოგუდვა, ამას ის არასდროს არ მალავდა და არ მალავს განსაკუთრებით დღეს, როცა კრიტიკული მედიის მიმართ განსაკუთრებულ აღვირახსნილ ძალადობის კამპანიას და რეპრესიებს ვხედავთ კონკრეტულად კრიტიკული არხების ჟურნალისტების წინააღმდეგ იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა,  დიქტატურის კონსოლიდაციას სჭირდება ის, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს განსხვავებული აზრი. ის სხვადასხვა სამართლებრივ ხრიკებს მიმართავს იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტიები ქვეყანაში უბრალოდ აკრძალოს.

ამიტომ არის სწორედ, რომ ახლა არ არის დრო ფრაგმენტაციის, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებად დაყოფის, ჩვენს წარსულზე და თუნდაც დღევანდელობაში განსხვავებულ მოსაზრებებზე აქცენტირების, ახლა დროა, ერთიანობის იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება, ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდეს განსასჯელის სკამზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მალე დაინიციირდება "მედიის კანონი“, რომლის მიხედვითაც, დადგინდება მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.