საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციას დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრები მართავენ. ისინი ტელევიზიისგან საეთერო დროის დათმობას და სასამართლო პროცესების სრულყოფილ გაშუქებას მოითხოვენ.

ამავე დროს, აქტივისტების ოჯახის წევრებმა დაახლოებით, ორი თვის წინ უკვე მიმართეს საზოგადოებრივ მაუწყებელს წერილით, რომ დაეთმო არხს მათთვის ეთერი.

ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეების განცხადებით, სასამართლო პროცესების გაშუქება მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს, რა ხდება სასამართლოებზე.

"პროცესების გაშუქება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეპიცენტრში ვართ ჩვენც და რეჟიმის პატიმრებიც და საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, რა ხდება ჩვენს თავს და ჩვენს ქვეყანაში, თუ როგორ ცდილობს ივანიშვილი დიქტატურის დამყარებას. ხალხო, რაც ხდება დღეს, ეს არ არის სწორი, არ ვიმსახურებთ ამას და ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ", -  განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.