უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საპატრიარქოში გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა. 

"უწმინდესი და უნეტარესი გულითადად მიესალმა აკადემიის წევრებს და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმიანობისთვის. ამასთან, კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ეკლესიისა და მეცნიერების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, თანამედროვე გამოწვევებისა და სირთულეების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ სულიერი და ინტელექტუალური ძალისხმევით.

თავის მხრივ, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) აკადემიკოსების სახელით მადლობა გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს აკადემიის საქმიანობით დაინტერესებისა და მასპინძლობისთვის.

შეხვედრაზე განხილულ იქნა გელათის მეცნიერებათა აკადემიის აღდგენის პროცესი, მისი ისტორიული მისია, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და დღემდე მიღწეული სამეცნიერო-კვლევითი შედეგები. აკადემიის ხელმძღვანელობამ წარმოადგინა ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიული ხედვა და სამომავლო სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს როგორც სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას, ისე ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ხელშეწყობას.

საუბარი ასევე შეეხო ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერის აუცილებლობასა და გელათის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ტრადიციების თანამედროვე აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული ჰუმანიტარიის მეთოდების განვითარებას, ციფრული არქივების შექმნასა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას; იმსჯელეს აკადემიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის შესაძლო გზებზე.

ხაზგასმით აღნიშნეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის განსაკუთრებული მისია ქართველოლოგიური კვლევების განვითარებაში, ეროვნული მეხსიერების დაცვასა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მომავალი თაობებისთვის გადაცემის საქმეში. აღინიშნა, რომ აკადემია მოწოდებულია, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, განაგრძოს იმ სულიერი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტრადიციის განვითარება, რომელიც საუკუნეების წინ გელათის აკადემიამ დაამკვიდრა.

შეხვედრის დასასრულს აკადემიის წევრთა ერთსულოვანი შუამდგომლობითა და გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III არჩეულ იქნა გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრად“,- აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.