საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლა და გაიმარჯვა – 42:30.

ანგარიში საჯარიმო დარტყმით ესპანელებმა გახსნეს, რასაც „ბორჯღალოსნებმა“ მალევე ვანო კარკაძის მიერ დადებული ლელოთი უპასუხეს, რომელიც აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა და საქართველოს ნაკრები დაწინაურდა.

ტაიმის ბოლომდე ქართველებმა კიდევ ორჯერ შეძლეს მეტოქის დალელოვება, რასაც ესპანელებმა ორი ზუსტი ჯარიმით უპასუხეს და ტაიმი საქართველომ 21:9 მოიგო.

მეორე ტაიმი ესპანეთმა აქტიურად დაიწყო, მათ სტარტზევე შეძლეს ორი გარდასახული ლელოს დადება და დაწინაურდნენ.

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ცვლილებებს მიმართა და ბაჩუკი ჭუმბაძემ მოედანზე შესვლიდან რამდენიმე წუთში ლელო მიითვალა, რომელიც აბჟანდაძემ ამჯერადაც გარდასახა – 28:23.

65-ე წუთზე ესპანელები კაცნაკლულნი დარჩნენ, არბიტრმა ვისენტე ბორონატი მოედნიდან 10 წუთით გააძევა, რიცხვობრივი უპირატესობით კი „ბორჯღალოსნებმა“ კარგად ისარგებლეს ჯერ ლუკა მატკავამ დადო ლელო, რამდენიმე წუთში კი თაფლაძემ დუბლი შეასრულა, მატკავამ ორივე ლელო ზუსტად გარდასახა – 42:30.

საბოლოოდ „ბორჯღალოსნებს“ მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ, მოგებით ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდეს და ნახევარფინალურში მასპინძლობის უფლება მოიპოვეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩები 7-8 მარტსაა დაგეგმილი, ფინალი კი 15 მარტს ლეგანესში, „ესტადიო ონტიმ ბუტარკეზე“ გაიმართება.