სად გაქრა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო და რატომ არ დაესწრო საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლას? ,,ქართულ ოცნებას“ შესაძლოა, მალე მთავარი საყრდენი გამოეცალოს. ბიძინა ივანიშვილი, თავის გადარჩენის მიზნით, ხელისუფლებას გაემიჯნება“, - ამის შესახებ “2020news“-თან საუბრისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ექსკლუზიურად განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა საკმაოდ მკაცრი და ადეკვატური იყო, შედეგად, "ქართული ოცნების“ წევრებიც ჩააფიქრა.

“საკმაოდ მკაცრი და ადეკვატური  იყო პრეზიდენტის გამოსვლა. მან "ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ ქმედებებს ფერისცვალება უწოდა. პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაზე. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა  მკაფიოდ გამოხატა ქართველი ხალხის სურვილი და აღნიშნა, რომ მოსახლეობის განსხვავებით, "ქართულ ოცნებას“ არ სურს ევროპული კურსი.

არ ვიცი, რომელ წითელ ხაზებს გულისხმობდა ბატონი კობახიძე, თუმცა ყველამ კარგად ვნახეთ, თუ როგორი ჩაფიქრებული გახლდათ "ქართული ოცნება“ პრეზიდენტის გამოსვლის დროს. ანტიდასავლური პოლიტიკა მან სწორედ ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს დაუწუნა.

ასევე ძალიან საინტერესო იქნება საქართველოს პირველი პირის ქმედებები, რაც გამოხატული იქნება ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და ასევე მის მიერ დადებული ვეტოებით“, - ამბობს დეპუტატი.

სხვათა შორის,  როდესაც პრესკონფერენციაზე პარტია „ქართულო ოცნების“ თავმჯდომარემ ახსენა „წითელი ხაზები“, რომლებიც მისივე თქმით, ჯერ პრეზიდენტს არ გადაულახავს და ამიტომ არ აპირებენ ბოლომდე მასზე თავდასხმას მმართველები, “2020news“-მა კობახიძეს დაუსვა კითხვა, რას  ნიშნავს „ოცნებისთვის“ ეს „წითელი ხაზები“? 

კობახიძემ სააგენტოს კითხვას ასე უპასუხა: „ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იცვალა მან ფერი, თუმცა მოვერიდებით ამ დეტალებზე საუბარს. მათ შორის იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთია. წითელ ხაზებზე როცა არის საუბარი, ჩვენთვის მთავარია: საქართველოს კეთილდღეობა. დამოუკიდებლობის დაცვა, სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ზრუნვა, ამაში იგულისხმება აბსოლუტურად ყველაფერი, რაც არის ასახული საქართველოს კონსტიტუციაში, მათ შორის იგულისხმება ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. ეს ყველაფერი ასახულია ჩვენს პროგრამაში, საქართველოს კონსტიტუციაში და მივყვებით ამ ყველაფერს, განსხვავებით იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომელიც ჩვენ გვიპირისპირდებიან“.

არადა, ზუსტად იგივე საკითხებში, პრესკონფერენციამდე ნახევარი საათით ადრე პრეზიდენტმა დასდო ბრალი მმართველ პარტიას, რომ გადაუხვია კობახიძის ჩამოთვლილ ყველა საკითხს.

“2020news“-ის კითხვაზე, ბოლოს და ბოლოს, ვინ შეიცვალა - მმართველი პარტია თუ საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც განაცხადა, რომ ის არ შეცვლილა 2011 წლის შემდეგ და სურს, იმედი იქონიოს, არც მმართველები შეიცვალნენ და არ გადაუხვიეს ევროინტეგრაციის გზას, კობახიძემ ასე გვიპასუხა: „ყველაფერი ნათელია როდესაც ვხედავთ ვის მოსწონს სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, მოსწონს სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, ლევან ბეჟაშვილს და ა.შ. იმსჯელოს საზოგადოებამ, სად ვდგავართ ჩვენ და სად სალომე ზურაბიშვილი”.

კობახიძისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ პრეზიდენტის გამოსვლამ ორიენტირშეცვლილი „ქართული ოცნება“ ძალიან ცუდ დღეში ჩააგდო და ძალაუფლების დაკარგვის კიდევ უფრო შეეშინდათ.

,,სალომე ზურაბიშვილი ხალხთან ერთად აპირებს საქართველოს ევროპული კურსის დაცვას. რაც შეეხება ,,ქართული ოცნების“ ბრალდებებს, თითქოს, პრეზიდენტი ოპოზიციის ნარატივით მოქმედებს, არის აზრს მოკლებული ტაქტიკა. ხან მეხუთე კოლონას გაიძახიან, ხან რადიკალებს გვიწოდებენ, რეალობა კი ის გახლავთ, რომ პრეზიდენტის გამოსვლამ ,,ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე დღეში ჩააგდო.

მათთვის მთავარია, ძალაუფლების შენარჩუნება, ახლა კი ძალიან შეშინებულები არიან. ხელისუფლება სჯის განსხვავებული აზრის მქონე თანაგუნდელებს, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ყველას ჰკვეთს პარტიიდან და მანდატებს ართმევს.

პრეზიდენტის  დღევანდელი წლიური ანგარიშის წარდგენა ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და მკაცრი გამოსვლა საქართველოს ისტორიაში. ქართველმა ხალხმა უნდა განახორციელოს თავისი ნება და ,,ქართული ოცნება“ ამაში ხელს ვერ შეუშლის. კობახიძისთვის წითელი ხაზი შესაძლოა ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდებოდეს. არადა, შესაძლოა, ხელისუფლების საყრდენი ბიძინა ივანიშვილი ,,ქართულ ოცნებას“ ანტიევროპული განცხადებებისა და კურსის გამო ჩამოშორდეს, რადგან თავი გადაირჩინოს“,  - განაცხადა თეონა აქუბარდიამ სააგენტოსთან საუბრისას.

სხვათაშორის,  “2020news“ უკვე წერდა, რომ მმართველი პარტია შეიძლება დატოვოს მაღალრეიტინგულმა ფიგურამ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირადმა ექსექიმმა, ექსჯანდაცვის მინისტრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ.

სერგეენკომ უკვე დატოვა 2 კომიტეტი, რომელიც „ქართული ოცნების“ კვოტით ჰქონდა დაკავებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის პირადი კადრი ან საერთოდ მიდის პოლიტიკიდან, ან ახალი პარტიისთვის ამზადებს საპარლამენტო პლაცდარმს, რა თქმა უნდა, ივანიშვილის თანხმობით. ახალ პარტიას კი, როგორც სააგენტო უკვე წერდა, შესაძლოა, სათავეში ჩაუდგეს ასევე ბიძინა ივანიშვილის პირადი კადრი, მისი ყოფილი ადვოკატი შვეიცარიულ ბანკთან „სვის კაპიტალთან“ დავის საქმეში, ვახტანგ ყიფიანი.

ჩვენი ინფორმაციით, ყიფიანი კონსულტაციებს უკვე გადის კონკრეტულ პირებთან, დავით სერგეენკო კი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო თუ საკომიტეტო სხდომებს 7-8 მარტის ცნობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღებამ ახალგაზრდული პროტესტის ტალღა გამოიწვია, აღარ ესწრება.

სხვათაშორის, ჯერ კიდევ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არც საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს დასწრებია. ასე რომ, დეპუტატ აქუბარდიას ვარაუდი, შესაძლოა, ივანიშვილმა მოქმედი უმრავლესობა მხარდაჭერის გარეშე დატოვოს, სულაც არაა საფუძველს მოკლებული. მით უმეტეს, სააგენტოს ინფორმაციით, ყიფიანი-სერგეენკოს ახალი პარტია, თუ ის შეიქმნება, სწორედ იმ პროდასავლურ ამომრჩეველზე გააკეთებს აქცენტს, აქამდე სასურველი პარტია არჩეული რომ არ აქვს და არც ყოფილ სახელისუფლებო პარტიას - „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ მის ორბიტაზე მოტრიალე პოლიტიკურ ძალებს მისცემს ხმას არჩევნებში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტია ევროპული კურსიდან გადახვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მმართველებს ხალხისა და ამომრჩევლის აღარ ესმით. მის გამოსვლას ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ არაობიექტური უწოდა. მდინარაძის თქმითვე, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, შეუერთდეს, 2011 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებულ პროცესს, რომლითაც „ქართული ოცნების“ "პიარული გარუსება“ უნდა მოხდეს.

რუსა მუმლაძე

ხატია მამულია