პოლიტიკიდან „წასული“ მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის სამეფო კარის თამაშების ახალი საჭადრაკო პარტია დაიწყო:. მისი ოჯახის ყოფილი პირადი ექიმი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო „ოცნების“ დასატოვებლად ემზადება. მან უკვე დატოვა 2  საპარლამენტო კომიტეტი. ჯერი ვიცე-სპიკერის პოსტზეა, რომელსაც ჯანდაცვის ექს-მინისტრი  ჯერჯერობით, ინარჩუნებს, თანაც უმრავლესობის კვოტით. რისთვის ამზადებენ სერგეენკოს და შექმნის თუ არა ის ახალ ფრაქციას ახალი პარტიისთვის, მმართველი უმრავლესობის ხარჯზე?

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოს შიგნით მიმდინარე ცხელი ამბების ფონზე, პარლამენტს გარე ორბიტაზეც სიახლეებია. სააგენტოს ექსკლუზიური ინფორმაციით, ახალი პარტიის შესაქმნელად კონსულტაციები უკვე დაიწყო მილიარდერის პირადმაა დვოკატმა ვიქტორ ყიფიანმაც, რომელიც  მარტის პროევროპული ახალგაზრდული აქციების ფონზე, პარტიული შიდა ბუნტის გამო, ვერ გაპრემიერდა, მაგრამ ახალ პოლიტიკურ სქემაში ჩაჯდა.

მოკლედ, ფაქტია, ივანიშვილმა საჭადრაკო დაფაზე მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურების გააქტიურება დაიწყო და „ახალი პარტიისთვის“ ემზადება.

ივანიშვილის პირადი ადვოკატის ახალი პარტია

 

„2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი ახალ პარტიას ქმნის იმ პროდასავლური ამომრჩევლებისთვის, რომელთა შიდა არჩევანი მაგალითად, მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ანდაც მის ორბიტაზე მოტრიალე ოპოზიციურ ძალებზე არასდროს გაკეთდება.

ამავე ინფორმაციით, პოლიტიკური გემოვნების თვალსაზრისით, „ოცნება“ იმდენად ჭრელი სუბიექტია, ერთი ქოლგის ქვეშ მისი მართვა საკმაოდ რთული პროცესი გახდა თავად ივანიშვილისთვისაც. „ოცნების“ ბოსი მისი ორბიტის დალაგებას დანაწილების ტაქტიკით აპირებს.

თავის დროზეც პრორუსული ორიენტაციის მხარდამჭერთა მასასაც სწორედ ამიტომ მოუყარა ახალ პარტიაში - „ხალხის ძალაში“ თავი და შემდეგ მიუშვა პოლიტიკურ პროცესებზე.  თუმცა, რუსეთ -უკრაინის ომის ფონზე ყველა მცდელობა, რომ ამ პოლიტიკური ძალისა და გარე ორბიტის პრორუსული სუბიექტების  ჩრდილოური სურვილები დაკმაყოფილებულიყო და სახელმწიფოს პოლიტიკური ვექტორი ჩრდილოეთისკენ გადახრილიყო,  მარტის ახალგაზრდულმა აქციებმა წყალში ჩაუყარა მმართველი პარტიის შიდა პრორუსულ დაჯგუფებებს, ხოლო ივანიშვილს კიდევ უფრო გაურთულა საქმე საგარეო ასპარეზზეც და პარტიის შიგნით - პროდასავლურად მოაზროვნე კადრებშიც.

სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა ადმინისტრაციულ რესურსში, სადაც სწორედ პროევროპული განწყობის საჯარო მოხელეები ქმნიან პოლიტიკურ ამინდს და აქ საუბარი არაა მერიების აიპებში ფიქტიურად დასაქმებულ ნათესავ-მეგობრებზე. პოლიტიკური ამინდის შემქნელების ხმა არჩევნებში კი ყოველთვის ძვირადღირებული სიამოვნებაა.

მათ დაკარგვას ივანიშვილი, ბუნებრივია, არ აპირებს და სწორედ ამისთვის შემოუშვა საჭადრაკო დაფაზე დიდი ხანია უკვე მომავალ პრემიერად მოაზრებული,  პირადი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი და მას საპარლამენტო პლაცდარმსაც უმზადებს.

"ახალი პარტია“ ახალი პარტიისთვის - კომიტეტები დატოვებულია, ჯერი პარტიაზეა!

 

ორშაბათს საქართველოს პარლამენტმა ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს წევრისა და ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. კომიტეტებში სერგეენკო „ქართული ოცნების“ კვოტით საქმიანობდა.

ამავე ბიუროს სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მისი შემცვლელი „ოცნების“ დეპუტატები უკვე დამტკიცეს. მას მაჟორიტარები ზაალ დუგლაძე და გოგი მეშველიანი ჩაანაცვლებენ.

ჯერ უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ჯანდაცვის კომიტეტში, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ ექსმინისტრმა თავისი პროფილის კომიტეტი რადგან დატოვა, მისი „ზრახვანი“ კიდევ უფრო შორსმავალია და მხოლოდ კომიტეტების დატოვებით ვერ შემოიფარგლება.

მითუმეტეს, რომ არათუ კომიტეტები, საქართველოს პარლამენტი პარასკევს, 24 მარტს საერთოდ დატოვა დეპუტატმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. მას საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. ორშაბათს, ბიუროს სხდომაზევე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მისი შემცვლელი დეპუტატებიც (გიორგი კახიანი და ალექსანდრე დალაქიშვილი) უკვე დაამტკიცეს.

ამ ყველაფრის პრეისტორია კი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მარტის მღელვარებაა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა „ქართული ოცნების“ წიაღში ახლადგამომცხვარი პარტიის - „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ პირველი მოსმენით მიიღო. საერთაშორისო თანამეგობრობისა და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწუნებულ „რუსულ კანონს“ ორმა დეპუტატმა - სწორედ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირადმა ექიმმა, დავით სერგეენკომ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ არ დაუჭირეს მხარი, თანაც პრინციპულად.

აქ მთავარი სწორედ ისაა, რომ მათ „პრინციპულად“ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ორი კოლეგასავით (ქეთი დუმბაძე და  ირაკლი მეძმარიაშვილი) შემდგომში არ გადათქვეს, ტექნიკური შეცდომა მოხდაო. მეტიც, მათ თავისი პოზიცია ბოლომდე დაიცვეს.

ნატოს გაწვრთნილი, საქართველოს სამხედრო ძალების გენერალ-ლეიტენანტის მხრიდან საკუთარი პოზიციების დაცვის სტრატეგია პარლამენტის წევრობის დატოვებამდე მივიდა, ექს-მინისტრი და პარლამენტის მოქმედი ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო კი ან ამავე გზას ადგას, ანდაც ახალ პლაცდარმს ამზადებს, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, მაგრამ ვისთვის და რისთვის, საინტერესო სწორედ ესაა.

როგორც „2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ამ კანონპროექტის გამო, ქვეყანას ევროპული რევოლუციის ახალგაზრდულმა ტალღამ გადაუარა და „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, პირველი მოსმენით თავისივე მიღებული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ჩაეგდო, დავით სერგეენკო და ვლადიმერ ჩაჩიბაია საკანონმდებლო ორგანოში აღარ გამოჩენილან. დეპუტატები არ ესწრებოდნენ არც საპარლამენტო და არც კომიტეტების სხდომებს.

აღსანიშნავია, რომ მმართველი ელიტისა და დეპუტატი კოლეგებისგან მოსალოდნელი ხშირად უცენზურო თავდასხმები ამ ორ დეპუტატზე, ისე როგორც ზოგადად ხდება ხოლმე „ქართული ოცნებისგან“ განდგომილ პირებზე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არ მომხდარა. გასაკვირი ისე არც არის, სერგეენკო-ჩაჩიბაია საკუთარი ავტორიტეტითა და წონით, მათივე კოლეგებისგან განსხვავებით, „სხვა ლიგაში თამაშობენ“. მოგეხენებათ, სერგეენკოს პირადი კავშირები აქვს პირდაპირ ივანიშვილთან და „ოცნებაში“ ვინმეს მიყვანილი არაა, ხოლო ჩაჩიბაია ნატოს გაწვრთნილი გენერალ-ლეიტენანტია, დიდი ბექგრაუნდით.

შესაბამისად, პარტიაში შენარჩუნებული იყო ზრდილობის ეტიკეტიც, თუმცა, „შედეგი“ მაინც დადგა და რუსთაველზე სტუდენტური მღელვარებიდან დაახლოებით ორ კვირაში, ჩაჩიბაიამ საქართველოს პარლამენტი დატოვა, ხოლო ვიცე-სპიკერმა  სერგეენკომ  კომიტეტები.

ის ფაქტი, რომ დავით სერგეენკომ კომიტეტები დატოვა, თავისთავად უმნიშვნელო შეიძლება მოეჩვენოს ვინმეს, თუ არ გავითვალისწინებთ იმ მომენტს, რომ ჯანდაცვის ექს-მინისტრს ამ კომიტეტებში „ქართული ოცნების“ კვოტით იყო წარმოდგენილი, ხოლო ნებისმიერ დეპუტატს კანონით აქვს ვალდებულება, კომიტეტების მუშაობაში მიიღოს მონაწილეობა.

და როცა მმართველი პარტიის დეპუტატი ამ კომიტეტებზე უარს ამბობს, მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქცია კი ამ ნარატივს ოფიციალურ ცნობად აჟღერებს ბიუროზე,  პოულობენ მის შემცვლელებსაც, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ფრაქციასაც და საბოლოოდ, მმართველ პარტიასაც ივანიშვილის ოჯახის ყოფილი პირადი ექიმი მალე დატოვებს.

დატოვებს და არა - დაატოვებინებენ, რადგან ამ უკანასკნელი მოქმედების ძალა სერგეენკოს წინააღმდეგ, არც პრემიერ ღარიბაშვილსა და არც პარტიის თავმჯდომარე კობახიძეს ნამდვილად არ შესწევთ, მითუმეტეს, პარტიის რიგით წევრებს. სერგეენკოზე პირდაპირ ივანიშვილის ბრძანებები ვრცელდება.

ამ ამბის მთავარი სკანდალური მხარე ისაა, რომ სერგეენკო პარლამენტის  ვიცე-სპიკერია უმრავლესობის კვოტით და შესაბამისად, მის მიერ კომიტეტების დატოვების ისტორიის ლოგიკური გაგრძელება სწორედ ამ პოსტის დატოვებასაც გულისხმობს. ივანიშვილის კარზე დაახლოებული, წონიანი პარტიული ფიგურისთვის ამდენი პოლიტიკური დანაკარგის გაღება, თავისთავად იმაზე მიანიშნებს, რომ  მისი დღევანდელი პოზიციები უფრო წონიან თამაშში იცვლება.

საპარლამენტო პლაცდარმი ივანიშვილის პირადი ადვოკატისთვის პირადი ექიმისგან?

აქვე გავიხსენოთ ის ფაქტიც, როდესაც „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტის გატანის გეგმა ჩავარდა და ივანიშვილი ცუდ სიტუაციაში ჩააყენა საკუთარმა პოლიტიკურმა ძალამ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც,  სწორედ იმ პერიოდში „ქართულ ოცნებაში“ კიდევ ერთი ბუნტი მოხდა. ასპარეზზე გამოვიდა ბიძინა ივანიშვილის უკვე ყოფილი პირადი ადვოკატი  და სერგეენკო-ჩაჩიბაიასგან განსხვავებით, მის მიმართ ზრდილობის ეტიკეტი მმართველმა უმრავლესობამ აღარ დაიცვა.

ვიქტორ ყიფიანმა სომხური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მკაცრად გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ არაევროპული ქმედებები და გადატვირთვის პოლიტიკის აუცილებლობაზე ისაუბრა. საპასუხოდ მიიღო კიდეც თვადასხმა თვით პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისგან, რომელმაც საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ ყიფიანი აღარაა ივანიშვილის ადვოკატი, ამდენს არ უნდა ლაპარაკობდეს და ამგვარი ტაქტიკით ქვეყნის პრემიერი ვერ გახდება. მომავალ პრემიერად დიდი ხანია აღქმული ყიფიანი, ბუნებრივია, თავდასხმის ობიექტი „ქართული ოცნების“ მოქმედი პრემიერის ღარიბაშვილის მხარდამჭერი ფრთის მხრიდანაც გახდა.

ყიფიანი შიდა პარტიული დაჯგუფებების ბუნტის გამო, ვერ გაპრემიერდა, მაგრამ ფუნქცია მაინც მოუძებნეს - ახალ პარტიაში გადაამისამართეს.

ის, რომ ყიფიანის უეცარი კრიტიკული გაელვება მედიაში არ იყო დამოუკიდებელი სვლა და იყო „წითელი ბარათი“ საპარლამენტო უმრავლესობისთვის, ამაზე მაშინვე ალაპარაკდნენ ოპოზიციონერები და პოლიტიკის ექსპერტები ღიად, ხოლო თავად „ოცნების“ დეპუტაცია და მხარდამჭერები კულუარებში.

კობახიძე-ღარიბაშვილმა მოახერხეს საპარლამენტო უმრავლესობის ერთიანობის  „დემონსტრირება“ და მათ მხოლოდ სერგეენკო-ჩაჩიბაიას „ქეისში“ ჰქონდათ ჩავარდნა. თუმცა, სერგეენკოს მიერ კომიტეტების დატოვება და პარლამენტში დარჩენა, ქმნის იმ ვარაუდის საფუძველს, რომ ვიცე-სპიკერი მარტო არ არის და მას მომხრეები ჰყავს უმრავლესობაში. მეტიც, როგორც კი ის პარტიულ მანტიას მოიხსნის, აუცილებლად შეექმნება პლაცდარმი საკუთარი ფრაქციისთვის, ხოლო „ქართული ოცნების“ ფრაქციას წევრების დანაკლისი კვლავ ელოდება.

ამავდროულად კი, როდესაც გარე ორბიტაზე ახალი პარტიის შესაქმნელად ივანიშვილის პირადი ადვოკატი ემზადება, ადვილად გასარკვევია მექანიზმი, რომლითაც ამ პარტიის პოლიტიკურ ზედაპირზე დამაგრება და ტივტივი მოხდება. ეს უკვე ნაცადი და გამოცდილი ხერხია „ქართული ოცნებისთვის“, თავის დროზე ექსპრემიერმა გიორგი გახარიამაც საპარლამენტო მხარდაჭერით დატოვა მმართველი პარტია და დაკავებული უმაღლესი პოსტი. მასთან რა მოსატანია, მაგრამ „ხალხის ძალაც“ ამ მექანიზმით იქცა საპარლამენტო პარტიად. ივანიშვილის დანაწილების პრინციპიც სწორედ ამ მექანიზმით მუშაობს.

შესაბამისად, რა გასაკვირია, თუ ივანიშვილის ადვოკატის პროდასავლურ ახალ პარტიასაც გამოუჩნდება დასაყრდენი  საქართველოს პარლამენტში.

მოკლედ, ძალაუფლებაშესუსტებული კობახიძე-ღარიბაშვილის დაჯგუფებების მცდელობის მიუხედავად, ივანიშვილის კარის თამაშების ახალი სეზონი გახსნილია და საკმაოდ დამაინტრიგებელი სცენარითაც ვითარდება.

რუსა მუმლაძე