სახელოვნებო სფეროში დიდი სკანდალია, რომლის ბოლოც, "ნიუპოსტის“ კარგად ინფორმირებულ კონფიდენციალურ წყაროს თუ დავუჯერებთ, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველი ამ თემით დაინტერესდებიან, ერთადერთი ბრალდებული უფლებების ასოციაციის (GCA) ხელმძღვანელი გიგა კობალაძე იქნება, რომელსაც აუდიტის დასკვნის მიხედვით, 14 მილიონი ვალი აქვს!
მართალია, თავად კობალაძე ამბობს, რომ ამ ციფრებით, უბრალოდ, მანიპულირება ხდება, მაგრამ ხელოვანები ეჭვობენ, რომ მათი კუთვნილი ფული, წლების განმავლობაში ვიღაცის ჯიბეში მიდიოდა. ვინ არის ეს „ვიღაც“? - ეს, რა თქმა უნდა, შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა უნდა დაადგინონ, მაგრამ არსებობს ცნობა, რომ GCA-მ ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ანუ კობალაძეს 30 ათასი ასესხა. კობალაძე ამ სესხებაში პრობლემას ვერ ხედავს და „აიპრესთან“ ამბობს, რომ ეს „არის ჩვეულებრივი პროცესი, ჩვეულებრივი სამეურნეო პროცესი, რომელიც ყველა ორგანიზაციაში არსებობს“.
მოკლედ, თუ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაც აუდიტის დასკვნა და 14 მილიონი ვალი იქნება, თავმჯდომარისთვის ნასესხები და უმიზნოდ გაფლანგული, ალბათ, კიდევ ბევრი 30 ათასი ამოტივტივდება, თუმცა მანამდე ჩნდება ლოგიკური კითხვა - ვინ ლობირებს GCA-ს და სად მიდიოდა წლების განმავლობაში ხელოვანებისთვის მოპარული მილიონები?
ზოგადად, საქართველოში უფლებათა დაცვა კარგა ხანია, დავის საგანია - კანონი ხარვეზებით არის სავსე, ავტორ-შემსრულებები უკმაყოფილონი არიან და... ამასობაში ირკვევა, რომ ამ სფეროში პოლიტიკური ლობიზმიც ერთობ აქტუალურია. ისე, თუ ყველაფერს რამდენიმე წლით უკან გადავახვევთ, მივხვდებით, რომ უფლებების დაცვა ჯერ კიდევ ძველი დროიდან პოლიტიკური იყო.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად, ხელოვანები გიგა კობალაძის მადლიერები იყვნენ და ამბობდნენ, რაც ეს ბიჭი მოვიდა, ჰონორარს ვიღებთო, მაგრამ დღეს ირკვევა, რომ ამ „კარგ ბიჭს“ 14 მილიონი ვალი აქვს. ძველ დროში მმართველობის დროს დიდ ფულს ხელისუფლების მფარველობის გარეშე რომ ვერავინ გააკეთებდა, ეს ბავშვმაც კი იცის. „შავი ფულის“ კეთება „ზემოთ“ შეთანხმების გარეშე, როგორც ამბობენ, არც დღესაა შესაძლებელი. საქმეში ჩახედულნი იმ ვერსიასაც ავითარებენ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კობალაძემ ახალი მფარველები „ოცნებაში“ იპოვა. ამავე ვერსიას თუ გავყვებით, GCA-ს ლაშა ნაცვლიშვილი ლობირებდა, აი, ის ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც თავის დროზე „ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო, თუმცა სახელოვნებო წრეებში იმასაც ამბობენ, რომ GCA-ს „ოცნებაში“ მხოლოდ ერთი კი არა, რამდენიმე “კრიშა” ჰყავს , ვინმე „სელებრითი“ პოლიტიკოსი და “ოცნების “ კარზე დაახლოებული ხელოვანი. ამ ვერსიას ისიც ამძაფრებს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრად GCA-მ თავისთვის სასურველი კანდიდატურა გაიყვანა, არადა, ამ კანდიდატურის წინააღმდეგ მთელი ოპოზიცია იყო.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არაფერს ვამტკიცებთ. უბრალოდ, სახელოვნებო კულუარებში გავრცელებულ ვერსიებზე ხმამაღლა ვმსჯელობთ და იმ კითხვასაც ვსვამთ, როგორ ახერხებდა კობალაძე, რომ რამდენიმე წლის წინ, რუსეთში „ქეში“ ჩემოდნებით გაჰქონდა და შემოჰქონდა? გასაგებია, რომ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება “რაოსთან “ჰქონდა, რომელიც პუტინის რუსეთში საავტორო უფლებებს, ასე ვთქვათ, იცავს, მაგრამ იმ დროს, როცა ორ ქვეყანას შორის არც დიპლომატიური ურთიერთობა არსებობდა და არც - ეკონომიკური, GCA-ის ხელმძღვანელი ოკუპანტ ქვეყანასთან საქმიან ურთიერთობას, თანაც „ქეშის“ მოძრაობით როგორ ახერხებდა, თუ „კრიშა“ „ქოცებში“ არ ჰყავს? ახლა, „ქოცებისა“ და რუსების ურთიერთსიყვარული არახალია და ამაზე საუბრით დრო აღარ დავკარგოთ.
რაც შეეხება გამქრალ 14 მილიონს, კობალაძის ორგანიზაციაში აუდიტმა, მართალია, ორი წლის ფინანსური ოპერაციები შეისწავლა, მაგრამ ნათქვამია, ტარანი ანგარიშით არისო და შესაბამისად, 14-მილიონიანი დავალიანება რამდენიმე წლის, ასე ვთქვათ, შეკრებით გამოვიდა.
გამქრალი 14 მილიონის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ პარლამენტის კულტურის კომიტეტს უფლებების ასოციაციაში (GCA) ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგები წარუდგინა და განაცხადა, რომ ავტორთა კუთვნილი თანხები იფლანგებოდა და არამიზნობრივად, ასოციაციის ადმინისტრაციულ ხარჯებზე - თავმჯდომარის და მოადგილეების ხელფასებზე და პრემიებზე, ავტომობილების და ოფისების შეძენაზე, თავმჯდომარის უცხოეთში განათლების მიღებაზე, მივლინებებზე იხარჯებოდა:
„ორგანიზაცია, რომელსაც ერთადერთი ვალდებულება გააჩნია, სამართლიანად შეაგროვოს და გაანაწილოს ჰონორარები, რისთვისაც ის წესდების მიხედვით იღებს საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას, შეგროვებული ჰონორარების 20%-ს, ნაცვლად ამისა, ნახევარ წილში უზის ავტორებს.“
სხვათა შორის, GCA-ში აუდიტი თავად GCA-ს წევრის ინიციატივით და კობალაძის თანხმობით ჩატარდა. კობალაძეს, ალბათ, იმედი ჰქონდა, რომ გავლენიანი სახელისუფლებო მფარველები უშველიდნენ და აუდიტორები საგანგაშოს არაფერს დაწერდნენ, მაგრამ ყოველთვის ისე არ წვიმს, როგორც ქუხს, ანუ არ არის გამორიცხული, რომ გაფლანგულ მილიონებთან „კრიშას“ „დალინკვა“ არ უნდოდა და კობალაძეს ზურგი აქცია.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც ამყარებს ვერსიას, რომ კობალაძეს „ოცნება“ „კრიშავს“, ყველა კომერციული ობიექტი, რომელიც მთავრობასთან ასოცირდება, მათ შორის, ტვ „იმედი“, „პოს ტვ“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ თუ ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფი“ GCA-ს, ანუ კობალაძეს უხდის ფულს.
ჯერჯერობით უცნობია, გამქრალ 14 მილიონზე აუდიტის სამსახურმა პროკურატურას მიმართა თუ არა, მაგრამ სამაგიეროდ, კუთვნილი თანხების გაქრობაზე გაჩუმებას ხელოვანები აღარ აპირებენ. ამიტომაც, სახელოვნებო წრეებში არსებობს მოლოდინი, რომ უფლებების დაცვის ასოციაციაში მხოლოდ ფინანსური პოლიცია კი არ შევა, არამედ, პროკურატურაც დაინტერესდება და გამქრალი 14 მილიონის საიდუმლოს ფარდა აეხდება. ფარდის ახლდამდე კი, GCA და მისი „კრიშა“, რომელიც ინტრიგებითაა ცნობილი, ალბათ, ახალი ინტრიგის ჩახლართვას შეეცდება, მაგრამ კოკას წყალი ყოველთვის რომ არ მოაქვს, ეს ხალხური სიბრძნეა.