რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, ლაიფციგის აეროპორტში აღმოჩენილ უპილოტო საფრენ აპარატთან დაკავშირებულ ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები "არსებითად ნამდვილი ომის დასაწყისია".

"ევროპის ქვეყნები გარე ეფექტებზე არიან ორიენტირებული და გადაწყვიტეს, კიდევ ერთი ინციდენტი რუსეთს მიაწერონ. აეროპორტში მათ "რაღაც დრონი იპოვეს" და თქვეს, რომ ის რუსული იყო, მაგრამ არავინ გამოიძია. ეს არსებითად ნამდვილი ომის დასაწყისია.

მათ გენერალური საკონსულო ბონიდან გააძევეს და შეთანხმების შეწყვეტის შესახებ განაცხადეს. ისინი ბერლინში "რუსეთის სახლს“ ხურავენ. მახსოვს, რომ მეორე მსოფლიო ომის, უფრო სწორად, დიდი სამამულო ომის დაწყებამდე გერმანელებმაც დახურეს თავიანთი დიპლომატიური წარმომადგენლობები. და ის ფაქტი, რომ ეს თამაში აბსოლუტურად მიუღებელია, ვფიქრობ, დიდ ახსნასაც არ საჭიროებს. მათ ისევ ომი სურთ", - განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, ის გამოეხმაურა გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებას, რომლის თანახმად, მერცი გერმანიის ევროპის "პირველ სამხედრო ძალად“ გადაქცევას გეგმავს და აღნიშნა, რომ ის ფაქტობრივად, რუსეთთან "ომის გამოცხადებისკენ მიდის“.

ლავროვის თქმით, მას დიდი ეჭვი არ ეპარება, რომ რიგი დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც ბედის ნებით "ევროპული პოლიტიკის ზედაპირზე“ აღმოჩნდნენ, გარკვეულ მომენტში "ჩაირეცხებიან“.