ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი ვიზიტი გრანადაში და ვიყავით ძალიან კონსტრუქციული და ოპტიმისტურად განწყობილი, რადგან ვფიქრობდით, რომ იყო შანსი, ხელი მოეწერებოდა გარდამტეხი მნიშვნელობის დოკუმენტს. ფაქტობრივად, დღეს დილამდე ჩვენ ამ ალბათობას ძალიან მაღალ დონეზე ვაფასებდით, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

"რამდენიმე დღის წინ ოპოზიციამ თქვა: გადავკეტოთ აეროპორტის გზები, რომ პრემიერი გრანადაში არ წავიდეს, წავა იქ და მოაწერს ხელს დოკუმენტს, რომლითაც გაუგებარია რას გააკეთებს.

ეს არის დოკუმენტი, რომელიც მარიონეტულმა ოპოზიციამ დესტრუქციულ დოკუმენტად წარმოაჩინა. ახლა, რადგან არაფერი გამოუვიდათ, სომხეთი არ დაემორჩილა მარიონეტულ ზეწოლას, გამოხატა მკაფიოდ დასაბუთებული, კონსტრუქციული პოზიცია, მკაფიოდ დააფიქსირა თავისი აზრი და გასაგებია, რომ აეროპორტის გზას ვერავინ გადაკეტავს, ასე რომ, ნახეთ, რა მოხდა. აღმოჩნდა, რომ დაგეგმილი შეხვედრა საერთოდ არ შედგა და ჩვენი ბრალი არ არის“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, "მარიონეტული ოპოზიცია მომავალ პრემიებს არ მიიღებს, რადგან ეს საკითხი მოგვარებულია, მაგრამ არა მათი ხელით“.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ, მიუხედავად ამისა, გრანადაში დელეგაცია გაგზავნეს, რომელშიც შედის სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და უშიშროების საბჭოს მდივანი.

"ვიზიტი არ გაუქმებულა, წავალთ, გავმართავთ შეხვედრებს და ვეცდებით, უფრო დეტალურად წარმოვადგინოთ ჩვენი პოზიციები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვწუხვართ, რომ შეხვედრა არ შედგება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ კონცეპტუალურ დოკუმენტს, რომელიც მაგიდაზეა, ხელსაყრელ დროს მოეწერება ხელი. მე მზად ვარ ხელი მოვაწერო ამ შეთანხმებას და ძალიან ვწუხვარ, რომ ხვალ არ მექნება შესაძლებლობა განვაცხადო, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულია.

ეს დოკუმენტი შეესაბამება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესებს. თუ არ არის დაბალანსებული, ხელს ვერავინ მოაწერს და ვერც ვერავინ აიძულებს ამას. სხვა საქმეა, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ხედავენ, რომ სომხეთის ზურგში ბევრი მარგინალური, მარიონეტული ძალაა და მათი გამოყენება შეიძლება სომხეთის ინტერესების საზიანოდ წონასწორობის დასაკარგავად. ვფიქრობ, ისინი განახორციელებენ ამ სცენარს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

გრანადაში დაგეგმილი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მასში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო ჩაიშალა. ალიევმა თავისი გადაწყვეტილება საფრანგეთის პოზიციით და შეხვედრაზე თურქეთის მიწვევაზე უარით ახსნა.