უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან რუსტემ უმეროვთან  შეხვედრა გამართა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ამზადებს ახალ თავდაცვის შეთანხმებებს, რომლებიც გააძლიერებს საბრძოლო ავიაციას და შექმნის ძლიერ საჰაერო ძალებს ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის.

"მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების მომზადებასა და განხორციელებაში ჩართული ჩვენი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და თავდაცვის ძალების კომპონენტი სათანადოდ იყოს კოორდინირებული“, - წერს ზელენსკი.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამ კვირაში შეხვედრები გაიმართება ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის დამხმარე ქვეყნების კოალიციის პარტნიორებთან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეულმა პარტნიორმა ნათლად უნდა გაიგოს, თუ როგორ შეუძლია უკრაინის მხარდაჭერა ყველაზე ეფექტურად ამ დროს.

ძირითად საკითხებს შორის მან დაასახელა საჰაერო თავდაცვის საჭიროებები, თავდაცვის პაკეტების შინაარსი, PURL პროგრამის გაფართოება, ენერგიის აღდგენისთვის აღჭურვილობის მიწოდება და სანქციების გამკაცრების კოორდინაცია.

გარდა ამისა, შეხვედრის დროს განიხილეს გენერალური შტაბის მომავალი შეხვედრების დღის წესრიგი და თავდაცვის ინდუსტრიის საჭიროებები.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე ფრონტის ხაზი უკრაინული იარაღის მინიმუმ 50%-ით უნდა იყოს მომარაგებული და ეს მიზანი უნდა იყოს მიღწეული.