ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ლიკვიდირებულია.

როგორც ისრაელში განაცხადეს, ნასრალა 27 სექტემბერს ბეირუთში ჰეზბოლას სამხრეთ ფრონტის მეთაურთან, ალი კარკისთან და ჯგუფის სხვა მეთაურებთან ერთად იქნა ლიკვიდირებული.

IDF აღნიშნავს, რომ დარტყმა მოხდა მაშინ, როდესაც ჰეზბოლას უმაღლესი მეთაურები შტაბ-ბინაში იკრიბებოდნენ.

ისრაელი განმარტავს, რომ ჰასან ნასრალა იყო ჰეზბოლას მთავარი გადაწყვეტილების მიმღები და ორგანიზაციის სტრატეგიული ლიდერი.

ჰასან ნასრალას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია „ჰეზბოლას“ ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

 გასულ ღამეს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბბინაზე იერიში მიიტანა. ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ დაჯგუფების შტაბ-ბინა მდებარეობს საცხოვრებელი შენობების ქვეშ დაჰიეს გარეუბანში, ბეირუთის სამხრეთ ნაწილში. მედიის ცნობით, „ჰეზბოლას“ შტაბბინაზე იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 76 კი დაშავდა, მათგან 15 გადაუდებელ ჰოსპიტალიზებას საჭიროებს.