აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალი წლის დასაწყისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს.

ტრამპმა განაცხადა, რომ ის კვლავ გეგმავს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრას აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, რომელიც ამ თვის ბოლოს სამხრეთ კორეაში გაიმართება.

ამერიკელმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ თუ აშშ და პეკინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ჩინეთისთვის უფრო მაღალი ტარიფები 1 ნოემბრიდან ამოქმედდება. თუმცა, მან შეთანხმების პერსპექტივებთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გამოთქვა და განაცხადა, რომ ჩინეთი ძალიან "პატივისცემით“ მოეკიდა საქმეს და აშშ-ს "უზარმაზარ თანხებს“ უხდის ტარიფების სახით.

ამჟამად, ჩინურ იმპორტზე ტარიფები 30%-ია.

ოქტომბრის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდეს. თუმცა, 10 ოქტომბერს მან მკაცრად გააკრიტიკა ჩინეთი. ტრამპის თქმით, პეკინი „მსოფლიოს ქვეყნებს უგზავნის წერილებს, სადაც აცხადებს, რომ აპირებს იშვიათ მიწა ლითონებთან დაკავშირებული ყველა წარმოების ელემენტზე ექსპორტის კონტროლის დაწესებას“. ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ამ სიტუაციამ შეიძლება სირთულეები შექმნას პრაქტიკულად ყველა ქვეყნისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მისი შეხვედრა სი ძინპინთან აღარ იყო საჭირო.

ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, ტრამპმა კვლავ დაიწყო ჩინეთის ლიდერის ქება და აღნიშნა, რომ დათანხმდებოდა მასთან შეხვედრას სამხრეთ კორეაში. მან განაცხადა, რომ აშშ-ს "ჩინეთთან ყველაფერი კარგად ექნება“. ტრამპის თქმით, მას სამართლიანი გარიგება სურს.